შალვა პაპუაშვილი - ტყუილის, რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებულ რადიკალურ პარტიებს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში როცა ხვდებიან, ეს არის რადიკალიზმის წახალისება საქართველოში
შალვა პაპუაშვილი - ტყუილის, რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებულ რადიკალურ პარტიებს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში როცა ხვდებიან, ეს არის რადიკალიზმის წახალისება საქართველოში

ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, სტრასბურგის თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორში იარონ და ევროპარლამენტის წევრებს შეხვდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ეს საქართველოში რადიკალიზმს ახალისებს.

„ამ დელეგაციაში ორი პარტია – „დროა“ და „გირჩი“ ოფიციალურად რადიკალები არიან. მათ დაყარეს საქართველოს პარლამენტის მანდატები და ყოველდღე გარედან მოუწოდებენ ოპოზიციას, დაყარონ მანდატები და გავიდნენ. „დროას“ ლიდერი გამორჩეულია იმით, რომ ორ კვირაში ერთხელ დეზინფორმაციულ ბრიფინგებს ატარებს და ქვეყანას სანქციების გვერდის ავლას აბრალებს, რაც ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. ამ ტყუილის, რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებულ პარტიებს ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში როცა ხვდებიან, იმ კავშირის, რომელიც დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებს, ეს არის საქართველოში რადიკალიზმისა წახალისება.

ჯერჯერობით რაც ვნახე, პარტიული შეხვედრები ჰქონდათ თავიანთ პარტიულ მეგობრებთან, მაგრამ, ზოგადად, ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში. ძალიან სამწუხაროა, რომ ოფიციალურ რადიკალებს შეხვედრების შესაძლებლობა აქვთ. ისინი საჯაროდაც ამბობენ, იქ რაზე საუბრობენ. კანდიდატის სტატუსის მიღებაზე როცა იყო საუბარი, მაშინ ამბობდნენ, თითქოს დაკავებული იყვნენ ამ თემის პოპულარიზაციით, შემდეგ აღმოჩნდა და ახლაც ადასტურებენ, რაზე საუბრობენ. ისინი მიდიან და ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი, ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხია კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსიო. ეს ან აბსოლუტური მიამიტობაა, ან მავნებლობა. საკუთარი ქვეყნის ასეთი რეკლამირება არ გამიგია – ვინმეს ვუთხრა, ხელისუფლება, სახელმწიფო, სისტემა, არაფერი ვარგა და ხალხია კარგი, ხალხს მიეცით სტატუსიო. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, ეს მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ასე იქნება და არა სხვანაირად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.