შალვა პაპუაშვილი - თუ პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს შეიძლება იყოს კარგი სიგნალი, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის
შალვა პაპუაშვილი - თუ პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს შეიძლება იყოს კარგი სიგნალი, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის

თუ პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება იყოს კარგი სიგნალი, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ ინიციატივის შედეგად დაფინანსების ახალი სისტემა შემოვიდა, რომელიც არის უფრო გამჭირვალე. მანამდე მოქმედი სისტემა იყო რთული განტოლების მსგავსი სისტემა, სადაც ვერავინ გაერკვეოდა, რომელი პარტია რატომ და რამდენ დაფინანსებას იღებს საბოლოო ჯამში.

ახალი სისტემა არის უფრო მარტივი, ცხადი, მიბმული ხმებზე. თუ პარტიები გამოთქვამენ ინტერესს ამ დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება იყოს კარგი სიგნალი, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.