შალვა პაპუაშვილი - თუ ოპონენტები არჩევნების შედეგს არ აღიარებენ, მაგრამ საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვენ, ეს პოლიტიკურად ამორალური საქციელია
შალვა პაპუაშვილი - თუ ოპონენტები არჩევნების შედეგს არ აღიარებენ, მაგრამ საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვენ, ეს პოლიტიკურად ამორალური საქციელია

იმ შემთხვევაში, თუ პარტია ზურგს აქცევს საკუთარ ამომრჩეველს და მოქალაქეებს, რომლებიც გადასახადს ბიუჯეტში იხდიან და შემდეგ პარტია ამ ბიუჯეტიდან თანხას მოითხოვს, ეს მინიმუმ, პოლიტიკურად ამორალური საქციელია, – ამის შსახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით თავის დროზე ცვლილებები „ქართული ოცნების“ ინიციატივით განხორციელდა.

„თუ პარტიები უარს იტყვიან საკუთარ მანდატებზე, ისინი ზურგს აქცევენ დემოკრატიულ არჩევანს და ქართველ ამომრჩეველს, აქედან გამომდინარე ზურგს აქცევენ ქართველ გადასახადების გადამხდელებს. თუკი პარტია საკუთარ ამომრჩეველს ზურგს აქცევს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადასახადს ბიუჯეტში იხდიან და შემდეგ პარტია ამ ბიუჯეტიდან თანხას მოითხოვს, ეს მინიმუმ პოლიტიკურად ამორალური საქციელია.

დაფინანსების სისტემას რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა ცვლილებები თავის დროზე. საკმაოდ ჩახლართული და რთული სისტემა შეიცვალა გამჭვირვალე და მარტივი სისტემით, რომელიც პირდაპირ არის მიბმული მიღებულ ხმებთან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ერთი მხრივ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგს და შემდეგ ამ შედეგის ნამრავლი რაც არის დაფინანსება, ამ დაფინანსებას აღიარებენ, მაშინ წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „იგეგმება თუ არა დაფინანსების კანონში ცვლილებები“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ ჯერობით ამის შესახებ რამე კონკრეტულს ვერაფერს იტყვის.

„კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის პირადად ამოსავალი წერტილია შემდეგი, თუკი რომელიმე პარტია უარს იტყვის მანდატზე, ამის საფუძველი რა არის. თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები შედგა და ამომრჩევლის ნება შედეგზე აისახა და ამას უარყოფენ, ეს უკვე დემოკრატიის უარყოფა და მოქალაქეებისთვის ზურგის შექცევაა. ამ შემთხვევაში, პარლამენტი და ზოგადად დემოკრატია თავდაცვით მდგომარეობაში უნდა ჩადგეს და არ მისცეს შესაძლებლობა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ საბოტაჟი მოახდინოს პარლამენტის, მათ შორის ბიუჯეტის საბოტაჟი, ანუ დაფინანსება მიიღოს. ამიტომ, რამე კონკრეტული რეცეპტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.