შალვა პაპუაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სოლიდარობას ვუცხადებთ
შალვა პაპუაშვილი - თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სოლიდარობას ვუცხადებთ

ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა ქართველ ხალხს ყველაზე კარგად ესმის.

„1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ დიდხანს არ გასტანა – ქვეყანა ანექსიის მარწუხებში მოექცა. თუმცა, დამოუკიდებლობის სამი წელიც კი საკმარისი იყო, რომ საქართველოს იმ დროისთვის მოწინავე კონსტიტუცია მიეღო, რომელიც ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნებოდა, კრძალავდა სიკვდილით დასჯას, ხაზს უსვამდა ქალებისა და კაცების თანასწორობას, სამართლებრივ საფუძველს უქმნიდა ახალ პოლიტიკურ სისტემას.

წითელი არმიის შემოჭრამ და დამოუკიდებლობის დაკარგვამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისწრაფებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დაიწყო ბრძოლის ახალი ტალღა, რომელიც 26 მაისის თავისუფლების იდეებს ეფუძნებოდა. ამ ბრძოლაში ხალხს განსაკუთრებულ ძალას რწმენა და პროგრესული ღირებულებები აძლევდა, რომლებიც ოდითგანვე საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებდა საქართველოს მოსახლეობას და მას ევროპულ სამყაროსთან აკავშირებდა. ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს განსაკუთრებული იმედით აღვნიშნავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.