შალვა პაპუაშვილი - თავად ეუთო-ს დელეგაციამ განაცხადა, რომ „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი კავშირი არ აქვს ასამბლეასთან, ქვეყნების რაოდენობა არაფერს ნიშნავს, მთავარია, რა არის სიმართლე და რა - ტყუილი
თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ განაცხადა, რომ „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი კავშირი არ აქვს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან. ეს არის ეუთო-ს აღმასრულებელი ნაწილის ფორმატი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ამასთან, რაც შეეხება საკითხს, რომ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ, საერთო ჯამში, ქვეყნების რაოდენობა არაფერს ნიშნავს, მთავარია, რა არის სიმართლე და რა – ტყუილი.
„ფაქტების დამდგენი მისია უკვე ჩამოსული იყო ერთი კვირის წინ. ჩამოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც ანგარიში უნდა წარადგინოს. ჩვენ ყველას ვეუბნებით ერთ რამეს, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ჩამოსულ პოლონელ ქალ პროფესორს ვუთხარით, რატომ ვართ ჩვენ, „ქართული ოცნება“ ასე მშვიდი. იმიტომ, რომ ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე. ეს ისეთი ფუნდამენტია, რომელიც, დრომ გვაჩვენა, რომ ამას ვერაფერი არყევს. შეიძლება, რამდენიმე კვირით, თვით, რამდენიმე წლითაც ეს სიმართლე დაფარონ, დეზინფორმაციით დააბრმავონ სხვები და ეს ჩვენ ვნახეთ. სიმართლე ისეთი მყარი ფუნდამენტია, რომ ვერაფერი არღვევს ამას.
„მოსკოვის მექანიზმზეც“, მინდა, ვთქვა. ეს არის მცდელობა, ეუთო გამოიყენონ იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. ქვეყნების რაოდენობა არაფერს ნიშნავს. საერთო ჯამში, მთავარია, რა არის სიმართლე და რა – ტყუილი. ისე უცბად მიიღეს გადაწყვეტილება, რამდენიმე დღეში შეარჩიეს ადამიანი, ჩამოვიდა, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია საქართველოსთან. ყველა საკითხით ინტერესდება, დაწყებული კანონიდან, გაგრძელებული უმაღლესი განათლების რეფორმით. მე ეჭვი მეპარება, რომ ანგარიშს რაიმე ღირებულება ჰქონდეს. ერთადერთი, რასაც რეპუტაცია შეულახავს, არის იმ 24 ქვეყნის რეპუტაცია, რომელიც ცდილობს, საერთაშორისო ორგანიზაცია გამოიყვანოს ქვეყნის წინააღმდეგ. ამის გამო არის, რომ აშშ გადის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხედავენ, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებენ, მათ შორის ამერიკის შიდა საქმეებში ჩასარევად. გასაგებია, რომ საქართველოს მიმართ არის გარკვეული მტრული მიზნები, რომლებსაც ცდილობენ, სხვადასხვა მექანიზმით მიაღწიონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.