შალვა პაპუაშვილი - თანახმა ვართ 2024 წლისთვის ბარიერის სამ პროცენტამდე ჩამოწევაზე, ჩვენი მხარდაჭერა გარანტირებულია, თუ პარლამენტში შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს
შალვა პაპუაშვილი - თანახმა ვართ 2024 წლისთვის ბარიერის სამ პროცენტამდე ჩამოწევაზე, ჩვენი მხარდაჭერა გარანტირებულია, თუ პარლამენტში შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რათა პროექტი დაიხვეწოს.

„დაახლოებით ორი თვეა წინ, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს. ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ, თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ რეკომენდაციები მივიღოთ. ცვლილებებთან მიმართებაში ხელის აქნევის ხასიათის კომენტარებია, სადაც ცალკეულ საკითხებზე არ საუბრობენ. თქვან ცალკეული საკითხები, რომელზეც სხვა მოსაზრებები აქვთ, არ ეთანხმებიან, ან რაიმე შემოთავაზება აქვთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის საკითხს, მისი განმარტებით, მმართველი გუნდი თანახმაა ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევაზე.

„რაც შეეხება ბარიერის საკითხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრიდან თანხმობაა 5-დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე. ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუ შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში. რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.