შალვა პაპუაშვილი - მორალური პასუხისმგებლობაა, რომ ოპოზიციამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადონ
შალვა პაპუაშვილი - მორალური პასუხისმგებლობაა, რომ ოპოზიციამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადონ

თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლას არ ველოდები, მორალური პასუხისმგებლობაა, რომ ოპოზიციამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ მას ბოდიში მოუხადონ, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჟვანიას მიერ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ყველა ბრალდება, რომელიც ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო წარმოდგენილი, დადასტურდა, რომ იყო ტყუილი, განსაკუთრებით, ეს შეეხებოდა პარალელურ დათვლას. ამ შედეგებს ოპოზიცია იყენებდა და ამტკიცებდა, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. 40 დღის შემდეგ, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ ეს მონაცემები სწორი არ იყო, თუმცა არც მათ და არც ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში არ მოუხდიათ. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო და შესაბამისად, მორალური პასუხისმგებლობა არსებობს, რომ თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადონ. თანამდებობიდან თამარ ჟვანიას წასვლას არ ველოდები, რადგან არჩეულია. ყველას შევახსენებ, რომ თამარ ჟვანია სანამ ცესკო-ს თავმჯდომარე გახდებოდა, „სამართლიან არჩევნებში“ მუშაობდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი კანდიდატი იყო. მან რამდენიმე არჩევნები ჩაატარა, რომლის მიმართ კითხვა არავის არ დაუსვამს. ვინც კითხვას სვამს, „ნაციონალური მოძრაობაა“.