შალვა პაპუაშვილი - სუს-ის ხელმძღვანელს აშშ-ში ოფიციალურ პირებთან, კოლეგებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, ამ ყველაფერს ვიგებთ, როგორც პოზიტიურ სიგნალს ურთიერთობების გადატვირთვისთვის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ამერიკის საელჩომ აშშ-ში სუს-ის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. რისი თქმაც იყო საჭირო, ითქვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აშშ-ში ოფიციალურ პირებთან, თავის კოლეგებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა.
„რადიკალებს სპეკულაციები რომ ექნებათ, გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ყველაფერს ვიგებთ ისე, როგორც პოზიტიურ სიგნალს, რათა შევინარჩუნოთ იმედი, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. ჩვენ რამდენიმე დღის შუალედში ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის კომუნიკაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი თავის კოლეგებთან. ეს დინამიკა ოპტიმიზმს გვიტოვებს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.