შალვა პაპუაშვილი - სპექტაკლი, რომელიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით, წაქეზებით ხორციელდება, სეზონებად აქვთ ქცეული და ზოგიერთის ქცევას რომ ვუყურებ, მგონი, თავი კინოში ჰგონიათ
ხედავთ, როგორი ზუსტი ტერმინი გამოიყენეთ, მესამე სეზონია, რაც აქციის მონაწილეები გამოდიანო – დიახ, ეს სპექტაკლი, რომელიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით, წაქეზებით და ხელმძღვანელობით, ყალბი საფუძვლებით ხორციელდება, სეზონებად აქვთ ქცეული და ზოგიერთის ქცევას რომ ვუყურებ, მგონი, თავი კინოში ჰგონიათ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას.
პაპუაშვილის თქმით, 2022 წლის თებერვალშიც პარლამენტის წინ მდგომ ახალგაზრდა თუ ასაკოვან ადამიანებს თავი კინოში ეგონათ.
„მათი მხრიდან შეძახილები რაც იყო, ჩემს კაბინეტშიც ისმოდა – უკრაინაში მეომრები გაგვეგზავნა და რუსეთთან ესკალაციაში შევსულიყავით. მართლა ის ბომბების წვიმა რომ წამოვიდოდა, ქალბატონ ლომჯარიას საქართველოსთვის რომ უნდოდა, მერე როგორ ხასიათზე დადგებოდნენ? დარბაზიდან კი ვერ გავიდოდნენ და ტელევიზორს კი ვერ გათიშავდნენ, ეს ბომბების ცვენა მათზე წავიდოდა. ისინი იქნებოდნენ, ვინც თავიანთ ახლობლებს დაიტირებდნენ ან მათ დაიტირებდნენ მათი ახლობლები. თავი კინოში რომ ჰგონიათ და სცენარი რომ ჰგონიათ, ეს არის ერთი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, რასაც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია და მისი გარემოცვა საუბრობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მოთხოვნებს რაც შეეხება, ჩამოყალიბდნენ – მთავრობა არის და უნდა გადადგეს ან თუ მთავრობა არ არის, საიდან უნდა გადადგეს? როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით არასერიოზული დამოკიდებულებაა.
„2022 წელს ომთან დაკავშირებით პროპაგანდისტული ცუნამი იყო, რომელსაც აყოლილები მზად იყვნენ, საქართველო ომში შეეყვანათ. ჩვენი მოქალაქეები მზად იყვნენ, ისეთი ნაბიჯები გადაგვედგა, რითაც ომში აღმოვჩნდებოდით. ვიცით, ასეთი ომები როგორ იწყება. როგორც უკრაინაში დაიწყო, ეს ჩვენს თავზე გამოცდილი გვაქვს. რაც მთავარია, ვიცით, როგორ მთავრდება. ხომ გვახსოვს, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთისთვის არცერთი სანქცია არავის დაუწესებია. ომის დამთავრებიდან რვა თვეში ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობები გადატვირთა, საქართველოში გმირები, ანწუხელიძე აღარ გვყავდა, როცა ჰილარი კლინტონმა, ლავროვთან ერთად, წითელ ღილაკს ხელი დააჭირა და ურთიერთობა გადატვირთეს. გერმანიამ „ნორდსტრიმის“ მშენებლობა დაიწყო. სხვათა შორის, როთს შევახსენე, მან რომ თქვა, გერმანიის ევროპის მინისტრის მოადგილე ვიყავი და ევროპის სხვადასხვა ქვეყანას ვარწმუნებდი, რომ ეს პროექტი საჭირო იყოო. მიხაილ როთი ამას პიარს უწევდა და ჩვენ რაღაცას გვემდურებოდა? 9 მაისს მოსკოვში ვინ წავა და ვინ – არა, ამაზე პანიკა აქვთ და 2010 წლის 9 მაისს სამხედრო სალამს აძლევდნენ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები. კარგად ვიცით, ეს ომები როგორ იწყება და როგორ მთავრდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.