შალვა პაპუაშვილი - სოციალურ ქსელში გუშინდელ დაკავებაზე რადიკალური ოპოზიციისგან პროპაგანდის ისეთი დონე ვიხილეთ, რომ კარგად ჩანს, რამდენად მოტივირებული არიან სიყალბის გავრცელებისთვის
შალვა პაპუაშვილი - სოციალურ ქსელში გუშინდელ დაკავებაზე რადიკალური ოპოზიციისგან პროპაგანდის ისეთი დონე ვიხილეთ, რომ კარგად ჩანს, რამდენად მოტივირებული არიან სიყალბის გავრცელებისთვის

„ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში გუშინდელ დაკავებაზე პროპაგანდის ისეთი დონე ვიხილეთ, რომელიც აჩვენებს, რამდენად მოტივირებული არიან სიყალბის გავრცელებისკენ, რომ ზოგიერთმა რეალობა არ მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების საფუძველი განმარტა, გამოძიება მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს უწყება გაავრცელებს.

„გუშინდელ დაკავებაზე შსს-ში განაცხადეს, რა იყო დაკავების საფუძველი – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, თუმცა ვიცით, სხვა საკითხთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დამატებითი დეტალები გვქონდეს. მთელი კამპანია აწიეს, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი. პროპაგანდის ასეთი დონე, რაც გუშინ ვიხილეთ, „ენჯეოების“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სოციალურ ქსელში, აჩვენებს, რამდენად მოტივირებული არიან სიყალბის გავრცელებისკენ, რომ ზოგიერთმა რეალობა არ მიიღოს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების საფუძველი განმარტა, გამოძიება მიდის და დამატებით დეტალებს უწყება შეგვატყობინებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.