შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები დაარღვია
ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების განვითარების უჩვეულო პერიოდის მომსწრენი გავხდით, როდესაც უცხოურმა დახმარებამ უარყოფითად იმოქმედა საერთაშორისო თანამშრომლობაზე. სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ ზიანი მიაყენა როგორც შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში გამართული გენერალური დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა.
„მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის ყველაზე ძლიერი საყრდენია ნორმების, მოსაზრებებისა და არგუმენტების მრავალფეროვნება, ელიენოკრატიამ, ანუ უცხოურმა მმართველობამ იდეოლოგიურ დონეზე შეზღუდა ეს მრავალფეროვნება და უპირატესობა მიანიჭა საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც უცხოელების მიერ თავს მოხვეულ დღის წესრიგს და იდეოლოგიას იზიარებენ. თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ცხოვრების წესია და არა – იდეოლოგია. დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავს მოხვევა დემოკრატიის არსს ეწინააღმდეგება. ხალხის მმართველობის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ თვითდანიშნული უცხოელი დემოკრატიის მენტორების მმართველობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.