შალვა პაპუაშვილი - სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს, ვინც ფიქრობს, რომ ამ საკითხზე შეიძლება, ორი აზრი არსებობდეს, საჯარო დისკუსიაში მათი ადგილი არ არის
შალვა პაპუაშვილი - სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს, ვინც ფიქრობს, რომ ამ საკითხზე შეიძლება, ორი აზრი არსებობდეს, საჯარო დისკუსიაში მათი ადგილი არ არის

სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს. ვინც ფიქრობს, რომ ამ საკითხზე შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, საჯარო დისკუსიაში მათი ადგილი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „განსაცვიფრებელია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ ხელისუფლებას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით რეაქცია არ უნდა ჰქონდეს“.

„რა განსხვავებულ აზრზეა საუბარი? ქვეყნის სუვერენიტეტსა და საქართველოს კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ. „ენჯეოები“ თუ ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. სწორედ ეს არის მავნე გავლენა, რაც აქვს უცხოურ დაფინანსებას, როცა 100-პროცენტიანი დაფინანსება აქვს ამა თუ იმ ორგანიზაციას. ზოგიერთ ასეთ ორგანიზაციას უნდა იმის დამკვიდრება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტზე არსებობდეს ორი აზრი: ერთი აზრი, რომელიც იტყვის, რომ დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია; და მეორე, კითხვის ნიშნის ქვეშ დასვან, იქნებ არის შესაძლებელი, რომ დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიას, რომელიც სისხლით, ბრძოლით ვაშენეთ, ერთი ხელის მოსმით ხაზი გადავუსვათ. საქართველოს ხელისუფლებისგან ამ საკითხზე არანაირი კომპრომისი არ იქნება. რა თქმა უნდა, სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს. პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და მის სუვერენიტეტს. ვინც ფიქრობს, რომ ამ საკითხზე შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, საჯარო დისკუსიაში მათი ადგილი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.