შალვა პაპუაშვილი - შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში შეხვედრები გვექნება ჩვენს კოლეგებთან, ვისაუბრებთ საპარლამენტო საქმიანობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
შალვა პაპუაშვილი - შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში შეხვედრები გვექნება ჩვენს კოლეგებთან, ვისაუბრებთ საპარლამენტო საქმიანობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე ისაუბრებენ საპარლამენტო თანამშრომლობისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხებზე.

„საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში ვიზიტი გვექნება შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, სადაც, პირველ რიგში, პარლამენტში ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდებით. დღეს შვეიცარიაში შეხვედრა გვექნება პარლამენტის ხელმძღვანელებთან, ასევე, სამთავრობო უწყებებთან. საუბარი გვექნება როგორც ჩვენი თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაზე, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. წლების განმავლობაში შვეიცარიასა და საქართველოს შორის ძალიან ნაყოფიერი პარტნიორობა ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებს, ისევე როგორც პროფესიული განათლების სფეროს, რომელიც შვეიცარიაში განსაკუთრებით განვითარებულია. ამ თემებზე, აგრეთვე, საპარლამენტო საქმიანობაზე გვექნება საუბარი. 2022 წელს საქართველოში ვუმასპინძლეთ შვეიცარიის პარლამენტის დელეგაციას, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ახლა საპასუხო ვიზიტის შესაძლებლობა მექნება, მართალია, პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთან, მაგრამ მას პირადად გავიცნობ. მაშინ ის დელეგაციის წევრი იყო. ასე რომ, პირადი კონტაქტები არის. საუბარი გვექნება იმ გამოცდილებაზე, რომელიც შვეიცარიის პარლამენტს აქვს. განსაკუთრებით ეს შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას. იცით, რომ შვეიცარიას უნიკალური გამოცდილება აქვს პირდაპირი დემოკრატიის. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ ხდება კონსულტაციები სხვადასხვა ინტერესის ჯგუფთან სხვადასხვა კანონმდებლობის მიღების პროცესში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია 12-16 მარტს შეხვედრებს გამართავს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და უმრავლესობის წევრი ქეთევან ჩარკვიანი.