შალვა პაპუაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტს შეხვდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვედეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ მისწრაფებასა და ინტეგრაციას მხარდაჭერა აქვს.

„შვედეთის მხრიდან ჩვენს ევროპულ მისწრაფებასა და ინტეგრაციას აქვს მხარდაჭერა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ შვედეთის მთავრობამ პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში გამოთქვა საკუთარი მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ ევროკავშირში განაცხადზე. ვისაუბრეთ, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც წარმოიშვა რუსეთის აგრესიის შემდეგ. მათ შორის, იცით, რომ შვედეთს ნატო-ში წევრობაზე აქვს განაცხადი შეტანილი და ამაზეც ვისაუბრეთ, თუ რა რისკ-ფაქტორებს ხედავს შვედეთი საკუთარი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ, კარგად გვესმის ერთმანეთის, როცა რისკზე ვსაუბრობთ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და შვედეთთან. ამიტომ არის, რომ საქართველო და შვედეთი ისწრაფვიან უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები მივიღოთ და ამიტომ გვინდა ნატო-ში სწრაფი ინტეგრაცია, მათ შორის – მივიღოთ ეკონომიკური და უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„მე და საქართველოს პარლამენტის სპიკერს დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაღრმაოთ ურთიერთობები საქართველოსთან. ორი დღის წინ მე ასევე შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს. შვედეთის პარლამენტში ჩვენი მთავრობის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ვიმუშავებთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ასე რომ, ეს არის გზავნილი ჩვენი მხრიდან და ეს ასევე ითქვა შვედეთის პარლამენტში“, – განაცხადა პეტერ ჰულთქვისტმა.