შალვა პაპუაშვილი – შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება – ეს არის, რასაც ოპოზიციაში ვაკვირდებით, ის, რაც ძირშივე მოწამლულია, იქიდან კარგი არაფერი გამოვა

11:48, 09.09.2026

შხამიანი თესლიდან კეთილშობილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება – ეს არის, რასაც ოპოზიციაში ვაკვირდებით. ის, რაც ძირშივე მოწამლულია, იქიდან კარგი არაფერი გამოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდი „გულშემატკივრობს ამ პროცესს, რადგან საზოგადოება ბევრ ისეთ რაღაცას იგებს, რაც, შეიძლება, საჯაროდ არ ჩანდა“.

„მაგალითად, რაც შეეხებოდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, ვამბობდით, რომ უცხოეთიდან სხვადასხვა არხის გამოყენებით პარტიებში ფულის შემოდინება ხდებოდა. ახლა 40 მილიონსა და გილაურზე საუბრობენ, რა გგონიათ, მისი ფული იყო? ასე გამოიყენებოდა სხვადასხვა ადამიანის არხი, რათა უცხოეთიდან ფული შემოსულიყო და საქართველოს არჩევნებში ჩარევა მომხდარიყო. კარგია, რომ 40 მილიონის საკითხი ასე განიხილება და ყველაფერი ნელ-ნელა ცხადი ხდება. თავად ადასტურებენ, რომ მათ საარჩევნო კამპანიაში „შავი ფული“ ტრიალებდა. ასევე ადასტურებენ, რომ საქმე არადეკლარირებულ შემოსავლებთან გვაქვს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ფიქტიური ჩარიცხვები, ადამიანების და სხვა არხების გამოყენება ხდებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ფულის შემოდინებისთვის. ფული რისთვის შემოდიოდა, 2024 წელს ვნახეთ. გვარამია სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინეს. ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, ვიოლა ფონ კრამონს წამოსცდა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ბრიუსელში წინასწარ იყო შეთანხმებული. მან თქვა, რომ ვიცოდით, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას იწყალებდაო. ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ არაფერი ვიცოდით და ეს ყველაფერი ზურაბიშვილმა ბრიუსელს შეუთანხმა. გვარამია იმისთვის გამოუშვეს, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ ამრევი ჰყოლოდათ. ამ ყველაფრის შემდეგ რომ ბრიუსელი კიდევ აქეთ გვედავება, როცა კანდიდატ ქვეყანას ასეთ რაღაცებს გაუკეთებ, მის არჩევნებში ღიად ჩაერევი, მათ შორის, საკუთარი ელჩის მეშვეობით, როცა მისი არჩევნების დაფინანსებას „შავი ფულით“ ცდილობ, როდესაც ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, დეზინფორმაციას, გაქვს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ამის შემდეგ კიდევ აქეთ ედავებიან ქართველ ხალხს, ეს ამორალურია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი