შალვა პაპუაშვილი – შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, იყო რუსეთი
საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა თავისი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ, მათ შორის, ზოგიერთი ოპოზიციური აქტივისტი იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
მისი თქმით, შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, იყო რუსეთი.
„შეგახსენებთ, „საია“, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაცია და მისი ლიდერები, ჩართული იყვნენ საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ მტკიცებულებების შეკერვაში, რომ სტრასბურგის სასამართლოში მხარი დაეჭირათ საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ საქმის წარმოებას, ამაში იყო ჩართული მაშინ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ ნაწილი. ამ შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა. დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, ეს იყო რუსეთი და, რაც მთავარია, დამტკიცდა, რომ აქ არავითარი დამოუკიდებლობების აღიარებები და ქვეყნებს შორის შეთანხმებები და ა.შ. კი არ არის, არამედ არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც არის ოფიციალურად დადასტურებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციის ხელმოწერით ომის დანაშაულების ჩადენა პირდაპირ ქართველ ჯარისკაცებს დააბრალა.
„ჩვენ კი არ ვახსენებთ რუსეთს, ჩვენ ეს დავამტკიცეთ სასამართლოში. ვინც ბევრს ლაპარაკობს, სინამდვილეში, აკეთებს ოკუპანტის საქმეს, ეტყობა კიდეც გია ბარამიძეს თავის განცხადებებში. ჩვენ არათუ ვსაუბრობთ, დავამტკიცეთ სასამართლო პროცესებით. ვინ დაამტკიცა სასამართლო წესით, რომ რუსეთი არის ორკუპანტი? – „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის სასამართლოში. ვინ დაამტკიცა, რომ რუსეთმა 2008 წელს ჩაიდინა ომის დანაშაულები? – „ქართულმა ოცნებამ“ ჰაგის სასამართლოში. ეს არის ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, სააკაშვილის გაფუჭებული საქმის გამოსწორებით იყო დაკავებული წლების განმავლობაში. ეს პროცესები, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში, იყო უიმედო, რადგან მტკიცებულებები ჰქონდათ გაფლანგული, გატანილი და გადაცემული თავიანთი მიზნებისთვის სხვა ქვეყნებისთვის და არა საქართველოს მიზნებისთვის. ამ ყველაფრის შემობრუნება მოუწია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს და მოვიგეთ ყველა სასამართლო პროცესი. დიდი ალბათობით, განზრახაც იყო ასე გაკეთებული, რომ საბოლოოდ საქართველო დამარცხებულიყო, ისევე როგორც მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სულისკვეთება არის ხოლმე, მაგრამ შემოტრიალდა და პირიქით, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, რომ დაამტკიცა ოკუპაციაც და დაამტკიცა რუსეთის მიერ ომის დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.