შალვა პაპუაშვილი - შენს ქვეყანას როცა ებრძვი, მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოღალატეებს დაერქვათ მოღალატეები და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ
შალვა პაპუაშვილი - შენს ქვეყანას როცა ებრძვი, მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოღალატეებს დაერქვათ მოღალატეები და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ

შენს ქვეყანას როცა ებრძვი, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. მათ პოლიტიკური სასჯელი უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საბოტაჟის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, მოღალატეებს მოღალატეები დაერქვას და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ.

„ამ პოლიტიკოსების ქმედებები ჩვენ თვალწინ ხდებოდა, რაც შეიძლება, თავისუფლად შეფასდეს, როგორც ღალატი პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორ შეფასდება სამართლებრივად, ეს მართლმსაჯულების საკითხია. მგონი, მოსახლეობამ როგორც ქვეყნის ღალატი, ისე შეაფასა, როცა ცდილობ, ხან ბომბების წვიმა გამოიწვიო, ხან სანქციების, ხან განცხადებების. შენს ქვეყანას როცა ებრძვი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. მათ პოლიტიკური სასჯელი უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა. ქართველი უსამშობლოების მოქმედებას როცა პოლიტიკურ ჭრილში ვაფასებთ, ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში ამას ღალატი ერქვა. ისტორიაში ნანახი გვაქვს, როცა ქართველები სხვადასხვა დედაქალაქში დარბოდნენ, ხან აღმოსავლეთში, ხან ჩრდილოეთში, ხან სამხრეთში, ხანაც დასავლეთში, რათა იქ შეეკრათ რაზმი და გადაეგდოთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, ძირი გამოეთხარათ. ეს ყოველთვის ღალატი იყო. ამას ვინც ჩადიოდნენ – ბაღვაშები, ლიპარიტები, ორჯონიკიძეები და სხვები – საზოგადოებამ ყველას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა და მოღალატე უწოდა. მოღალატეობა ჰქვია, როცა სხვაგან გარბიხარ, რათა უცხო გამოიყენო ქვეყნის წინააღმდეგ. ეს გზა აირჩიეს და პოლიტიკურად ასეა შეფასებული. სისხლის სამართლის ნაწილს მართლმსაჯულება დაადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოღალატეებს მოღალატეები დაერქვათ და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.