შალვა პაპუაშვილი - შემაშფოთებელია „ენჯეოების“ განცხადება, ინსტიტუციაზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცდება, დონორებს პასუხი აქვთ გასაცემი, მათი „ენჯეოები“ რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას?
შალვა პაპუაშვილი - შემაშფოთებელია „ენჯეოების“ განცხადება, ინსტიტუციაზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცდება, დონორებს პასუხი აქვთ გასაცემი, მათი „ენჯეოები“ რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას?

აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადებაა, რომელშიც ხუთი „ენჯეო“ იყენებს ტერმინს – „კლანი“. ინსტიტუციაზე თავდასხმა უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება და აქ დონორების პასუხისმგებლობა შემოდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, უცხოური ფული იდებოდეს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში.

„ამ ორგანიზაციების უკან შვედეთის განვითარების სააგენტო დგას, რომელიც აფინანსებს „გამჭვირვალობა – საქართველოს“, ასევე დგანან „ევროპის დემოკრატიული ფონდი“, „ამერიკის დემოკრატიის ფონდი“, USAID-ი. ვფიქრობ, ამ დონორებს პასუხები აქვთ გასაცემი, მათი „ენჯეოები“ რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას?

აბსოლუტურად მიუღებელია, უცხოური ფული იდებოდეს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში. როცა ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან ის ორგანიზაციები, რომლებიც სრულად ფინანსდებიან უცხოეთიდან, ვფიქრობ, მათი დამფინანსებლის პასუხისმგებლობაა უკვე დღის წესრიგში. ეს ორგანიზაციები რას წარმოადგენენ, უკვე გასაგებია, გასაგებია მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც.

ხუთი ორგანიზაციიდან რამდენიმეს გაცხადებული აქვს უკვე საარჩევნო მიზნები. საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა. ცალკე პრობლემაა, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედ ორგანიზაციებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და მიზნები. თუმცა რაც შეეხება მართლმსაჯულებაზე თავდასხმას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ტერმინის – „კლანის“ ასე გამოყენება არის ის საკითხი, რომელსაც დონორებმა პასუხი უნდა გასცენ. მათი მოქალაქეების ფული რატომ იდება სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის ძირის გამოთხრაში? ეს ეწინააღმდეგება პარტნიორი ქვეყნის სულისკვეთებას და მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტის ძირის გამოთხრისკენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს“. განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სასამართლოს გუშაგი“, „დემოკრატიის მცველები“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.