შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, დღეს გვეცინებოდეს ლგბტ პროპაგანდის თემაზე, მაგრამ სასაცილო არაფერია, საჭიროა მკაფიო პოზიცია არასამთავრობოთა მხრიდანაც, ვინაიდან მათი მეშვეობით ხდება ნარატივების შემოტანა
შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, დღეს გვეცინებოდეს ლგბტ პროპაგანდის თემაზე, მაგრამ სასაცილო არაფერია, საჭიროა მკაფიო პოზიცია არასამთავრობოთა მხრიდანაც, ვინაიდან მათი მეშვეობით ხდება ნარატივების შემოტანა

შეიძლება, დღეს გვეცინებოდეს ლგბტ პროპაგანდის თემაზე, მაგრამ სასაცილო არაფერია, საჭიროა მკაფიო პოზიცია არასამთავრობოთა მხრიდანაც, ვინაიდან მათი მეშვეობით ხდება ნარატივების შემოტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გამოცდილება აჩვენებს, რაც რეალობად იქცევა სხვა ქვეყნებში, შემდეგ არის მცდელობა, რომ სხვადასხვა გრანტის მეშვეობით რეალობად იქცეს საქართველოშიც.

„მნიშვნელოვანია, აქედანვე ჩვენ მკაფიო ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი ენობრივი სტანდარტები დაადგინოს, გადაწყვიტოს უნდა თუ არა სქესის გამოყენება მიმართვების დროს, ა.შ. და იქ შიგნითაც არის დიდი დისკუსია და უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების მკაფიო პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით, რათა არ დაიწყოს ნელ-ნელა რაღაც გრანტების შემოდინება, რომ წახალისდეს საქართველოში სქესის მიხედვით დიფერენციაციის ხაზგასმა. იდეა ეს არის, რომ სქესმა უნდა დაკარგოს თავისი ღირებულება, ადამიანური გაგება, რაც ყოველთვის ჰქონდა, მას შემდეგ რაც ადამიანი არსებობს. დღეს კი შეიძლება გვეცინებოდეს, რომ ვინ აგვიკრძალავს, დედამიწას დედამიწა დავუძახოთ, მაგრამ ზუსტად ასე ხდება. დღესაც ასეთ საკითხებზეა საუბარი, რამდენიმე კურიოზული სიტუაციაც იყო, მაგალითად, კანადის პრემიერ-მინისტრმა mankind ანუ სიტყვა „კაცობრიობა“ გამოიყენა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რომ კაცობრიობაში სიტყვა „კაცი“ არის მამრობითი სქესი და არ შეიძლება ამ სიტყვის თქმაო. სამწუხაროდ, ასეთ აბსურდებზე არის სერიოზული მსჯელობა. ჩვენ შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ამ თემაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის და საჭიროა ამაზე მკაფიო პოზიცია. მათ შორის, მნიშვნელოვანია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზე მკაფიო პოზიცია იქონიონ, ვინაიდან, როგორც გვაჩვენებს გამოცდილება, შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.