შალვა პაპუაშვილი - შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ იტალია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერია
შალვა პაპუაშვილი - შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ იტალია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერია

შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ იტალია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ისაუბრეს პროგრესზე, რაც რეკომენდაციების შესრულების პროცესში საქართველოს აქვს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კოლეგა საქართველოში მოიწვია.

„იტალიასა და ვატიკანში ჩვენი ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დაიწყო. შეხვედრები იყო იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. როგორც მალტაში, ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ იტალია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერია. შარშან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას გარკვეულ უსამართლობად ვხედავთ და ამაზე გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, წელს იტალიის მხრიდან მხარდაჭერა გვექნება. ასევე ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, რამდენად წინ არის საქმე წასული საქართველოს პარლამენტში. იმედი მაქვს, ამ მხრივ პარლამენტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო იქნება. ჩემი კოლეგა მოვიწვიე საქართველოში ვიზიტით და ვიმედოვნებ, მისთვის საქართველოში მასპინძლობის შესაძლებლობა მექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.