შალვა პაპუაშვილი - შარლ მიშელმა თქვა, რომ გვარამიას შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, გუშინ ვიხილეთ, ნიკა გვარამია როგორ აგინებდა პოლიციელს, ეს თუ არის დეპოლარიზაცია, ამაზეც გააკეთონ განცხადება
შალვა პაპუაშვილი - შარლ მიშელმა თქვა, რომ გვარამიას შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, გუშინ ვიხილეთ, ნიკა გვარამია როგორ აგინებდა პოლიციელს, ეს თუ არის დეპოლარიზაცია, ამაზეც გააკეთონ განცხადება

მახსოვს შარლ მიშელის განცხადება, როდესაც თქვა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ნიკა გვარამია როგორ აგინებდა პოლიციელს. ეს თუ არის დეპოლარიზაცია, მაშინ ამაზეც გააკეთონ განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქართველი ხალხის ინტერესებშია.

„ეს არის დეპოლარიზაცია, რომლის გამოც შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, რომ ჩვენს პოლიციას აგინებდნენ? ამიტომ, ჩვენ ყველას განცხადებებს ვისმენთ, ყველას განცხადებებს პატივს ვცემთ, თუმცა ერთადერთი, ვისი განცხადებაც ჩვენთვის არის უმაღლესი და ავტორიტეტი, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის ინტერესშია ზუსტად ეს კანონი. მესმის, შესაძლოა, არსებობდნენ ჯგუფები, რომლებსაც ეს კანონი არ მოსწონთ, მათ შორის, საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, მათ შორის აქციაზე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც არ მოსწონთ, მაგრამ საქართველო უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე ჯგუფი. ამიტომ, პატივი ვცეთ მთლიანად საქართველოს, ყველას, დიდ-პატარას, რეგიონშიც და ცენტრშიც. საქართველო არის ერთი დიდი, მთლიანი ქვეყანა, ყველას აქვს სიტყვის უფლება, მისი წარმომადგენლებით მიიღონ გადაწყვეტილება. დღეს საქართველოს პარლამენტში რა მოცემულობაც გვაქვს უმრავლესობის, ეს მოცემულობა აირჩია ქართველმა ხალხმა და ქართველი ხალხის ინტერესშია ამ კანონის მიღება. ამიტომ, ნუ გადაუგრეხენ ხელს ქართველ ხალხს. საქართველოს მხარეს დადგეს ის ხალხი, რომელიც მსჯელობს, ფიქრობს, აკვირდება ამ პროცესებს და იზრუნოს ქართველი ხალხის ინტერესზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.