შალვა პაპუაშვილი - სერიოზული ხალხი არ იყენებს ისეთ იარლიყებს, როგორიც რუსული კანონია, იარლიყებით მსჯელობა არაევროპული და არადასავლური მიდგომაა
შალვა პაპუაშვილი - სერიოზული ხალხი არ იყენებს ისეთ იარლიყებს, როგორიც რუსული კანონია, იარლიყებით მსჯელობა არაევროპული და არადასავლური მიდგომაა

სერიოზული ხალხი არ იყენებს ისეთ იარლიყებს, როგორიც რუსული კანონია. ვინც იყენებს, ჩავთვალოთ, რომ არასერიოზული ხალხია, რადგან საკითხის მიმართ იარლიყებით მსჯელობა არაევროპული და არადასავლური მიდგომაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ის კანონში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა „რუსულ კანონად“ არ მოუხსენიებია.

„კონსტრუქციული და საინტერესო, ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ო’ბრაიენთან. მიხარია, რომ მან რამდენიმე საკითხი ახსენა, რომელზეც გვქონდა საუბარი. ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხია საქართველოსთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ამ მხრივ ვთანხმდებით, რომ ყველა ქვეყანას, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვა ქვეყნებს, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესის საკითხია უცხოური გავლენის გამჭვირვალობა საზოგადოებისთვის. მოხარული ვარ, რომ ეს ბრიფინგზეც ახსენა, ხაზი გაუსვა და აღიარებულია. ამავე დროს, საუბარი გვქონდა, მათ შორის, ამერიკული დაფინანსების მიმართ ჩვენს კითხვებთან დაკავშირებით, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ, „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ დაფინანსებებზე. აქაც სხვადასხვა აქტორთან გვაქვს თანხმობა, რომ დაფინანსება ნამდვილად არის ნაწილობრივ გაუმჭვირვალე და ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნებია. ამიტომ ჩვენი წუხილი გავაცანით საკითხთან დაკავშირებით. თავისთავად, ეს კანონი ეხება ბევრ საკითხს. რთულ რეგიონში ვართ და ეს ეხება გავლენას სხვადასხვა მხრიდან, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა მიმართულებები, თუმცა ვინაიდან ამ შემთხვევაში დასავლელი პარტნიორები გამოთქვამენ წუხილს, მათთან ვსაუბრობთ და მაგალითებითაც ვესაუბრებით, სად ვხედავთ მათი სივრციდან წამოსულ გამოწვევებს, რომ არის ფონდები, რომლებიც საქართველოში არაგამჭვირვალედ იხარჯება. არაერთხელ მითქვამს, ერთი წელი დავხარჯე შარშან, რომ დამერწმუნებინა ეს ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, თავად უზრუნველეყოთ გამჭვირვალობა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიე, მათ შორის ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით. ამიტომ, კანონმდებლის ვალდებულებაა, ქართველი ხალხის სახელით მოაწესრიგოს ეს საკითხი, რომელზეც გუშინ ო’ბრაიენმაც აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.