შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ვლადიმირ ორლიჩს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა სერბეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აღინიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და სერბეთის საერთო მიზანს წარმოადგენს. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პროგრესზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას საქართველოსა და სერბეთის ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.