შალვა პაპუაშვილი - საზოგადოება ხედავს პარლამენტს, რომელიც მუშაობს და ცვლილებებს აინიცირებს, მეორე მხრივ, ოპოზიციას, რომლის ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულების ჩაშლას ცდილობს
შალვა პაპუაშვილი - საზოგადოება ხედავს პარლამენტს, რომელიც მუშაობს და ცვლილებებს აინიცირებს, მეორე მხრივ, ოპოზიციას, რომლის ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულების ჩაშლას ცდილობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საკუთარი დღის წესრიგი შემოიტანოს 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში.

პაპუაშვილის განმარტებით, საზოგადოება ხედავს პარლამენტს, რომელიც მუშაობს და ცვლილებებს აინიცირებს, მეორე მხრივ კი, ხედავს ოპოზიციას, რომლის ნაწილი ცდილობს, 12 რეკომენდაციის შესრულება ჩაშალოს.

„ერთი მხრივ, იყო გამჭვირვალე და ინკლუზიური საპარლამენტო ფორმატი, მეორე მხრივ, ვნახეთ პარტიული ფორმატი, სადაც სამი პარტია ერთმანეთში თათბირობდა და ეს არ არის ის სამუშაო, რომელსაც ჩვენგან ევროკავშირი ელოდება. მათი მიზანი იყო, პროცესი დაეზიანებინათ, თითქოს, ეს პროცესი არ იყო სრულყოფილი. რვა საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი მუშაობდა საპარლამენტო ფორმატში, რასაც ბოიკოტს უცხადებდნენ. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, საკუთარი დღის წესრიგი რაღაცნაირად შემოაცუროს 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში. პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ, ჩაშალონ 12 რეკომენდაციის შესრულება. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები არ აპირებენ, საკონსტიტუციო ცვლილებას დაუჭირონ მხარი პროკურორის არჩევის წესზე. საზოგადოება ხედავს პარლამენტს, რომელიც მუშაობს და ცვლილებებს აინიცირებს, მეორე მხრივ კი, ხედავს ოპოზიციას, რომლის ნაწილი ცდილობს, 12 რეკომენდაციის შესრულება ჩაშალოს. ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს, ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი განიცადოს, წინ წავიდეს და კანდიდატის სტატუსი მიიღოს. როგორც კი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ისინი ფიქრობენ, რომ ეს იქნება ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ქულების მომტანი, რაც არ აწყობთ და მზად არიან, საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ქვეშ დააყენონ, რათა ვიწროპარტიული სარგებელი მიიღონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.