შალვა პაპუაშვილი - საზოგადოება ადრე თუ გვიან გაიგებს, რომ „ქართული ოცნების“ შეთავაზებებზე ობიექტურად უარის თქმა იყო შეუძლებელი
შალვა პაპუაშვილი - საზოგადოება ადრე თუ გვიან გაიგებს, რომ „ქართული ოცნების“ შეთავაზებებზე ობიექტურად უარის თქმა იყო შეუძლებელი

ნახეს, რომ რთული იყო ჩვენი ოპონენტების ნაწილის კონსტრუქციულობისკენ წამოყვანა და გახდა საჭირო მედიატორის ჩართვა. მოლაპარაკებების პროცესში მოდერატორის ჩართვით ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირის ინტერესის სფეროში შევდივართ და მათთვის მნიშვნელოვანია, აქ იყოს სიმშვიდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.

„მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი იმ კუთხით, რომ ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს მოლაპარაკებები, საზოგადოება ადრე თუ გვიან გაიგებს ორ რამეს: რომ ამ მოლაპარაკების პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“, გაიგებს, თუ რა შეთავაზებები ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და გაიგებს იმასაც, რომ ეს იყო ისეთი შეთავაზებები, რომელზეც ობიექტურად უარის თქმა იყო შეუძლებელი. ასევე, გაიგებს, რა არის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით და იმასაც გაიგებს, რომ ისინი სწორედ ამ ნაწილს გაიზიარებენ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად კონსტრუქციული იყო ამ მოლაპარაკებების დროს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არათუ მზად არის კონსენსუსისთვის, არამედ ახორციელებს კიდეც კონსენსუსს.

„არათუ მზად არის, კონსენსუსს ვახორციელებთ კიდეც. საარჩევნო რეფორმა, რომელიც წინა ფასილიტაციის პერიოდშიც იყო და დღესაც საკითხად დგას, ამ საკითხს უკვე ვახორციელებთ. პროექტი უკვე დაინიცირებულია, რომელშიც ეუთო/ოდირის დასკვნები, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, წინსწრებით უკვე გათვალისწინებულიც არის. რამდენიმე დღის წინ გავუგზავნეთ ოდირს დასკვნისთვის. ასე რომ, ჩვენ საქმით ვამტკიცებთ ამ კონსტრუქციულობას. ერთ-ერთი პუნქტი იმ ექვს პუნქტში იყო საგამოძიებო კომისია, ესეც შექმნილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის ჩართვით ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროკავშირის ინტერესების სფეროში შედის.

„რაც შეეხება იმედებს, გვაქვს იმედი. ჩვენ ვნახეთ, რომ მედიატორის ჩართვა გახდა საჭირო, ვინაიდან ფასილიტაცია უფრო მსუბუქი ფორმაა მოლაპარაკებების, ფასილიტატორები მხოლოდ მაგიდას სთავაზობენ მხარეებს იმისთვის, რომ დასხდნენ და ისაუბრონ, მედიატორს კი უფრო აქტიური როლი აქვს. ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირის ინტერესის სფეროში შევდივართ და მათთვის მნიშვნელოვანია, აქ იყოს სიმშვიდე და ნახეს, რომ რთული იყო ჩვენი ოპონენტების ნაწილის კონსტრუქციულობისკენ წამოყვანა, გახდა საჭირო მედიატორის ჩართვა. იმედი გვაქვს, ამას გააცნობიერებენ ჩვენი ოპონენტები. ამის იმედს მაძლევს ის, რომ თუ გავიხსნებეთ შარლ მიშელის ვიზიტს და იმ საღამოს, რომელიც გაიმართა პრეზიდენტის რეზიდენციაში. საღამოს ყველა მონაწილე, მათ შორის ჩვენი ოპონენტები, ძალიან კონსტრუქციული საუბრით გამოვიდნენ შეხვედრიდან, თუმცა მეორე დღეს, ჯერ აფრენილიც არ იყო, თუ არ ვცდები, მიშელის თვითმფრინავი, როდესაც პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს. მერე ისიც ვნახეთ, რამდენიმე საათში პიკეტიც მოხსნეს და დაანონსებული მიტინგებიც გადადეს. სწორედ იმიტომ, რომ მიიღეს ის რეაქცია ევროპიდან, რაც ამ შემთხევაში იყო შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.