შალვა პაპუაშვილი - სასამართლოზე შეტევა სამწუხარო ტრადიციაა, უფრო დაბალი დონეა ინდივიდუალურად შეტევა მოსამართლის წინააღმდეგ, რაც მიუღებელია, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან
შალვა პაპუაშვილი - სასამართლოზე შეტევა სამწუხარო ტრადიციაა, უფრო დაბალი დონეა ინდივიდუალურად შეტევა მოსამართლის წინააღმდეგ, რაც მიუღებელია, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქუჩაში გამოსვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებზე ხალხს ნეგატიური რეაქცია აქვს. მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან სწორედ ეს არის ყველაზე კარგი პასუხი ამ მოწოდებებზე.

„ჩვენს ქვეყანაში ყველა ადმიანს აქვს მოწოდების გაკეთების უფლება და ქართველ ხალხს აქვს უფლება, პასუხი გასცეს ამ მოწოდებაზე. ჩვენ ვხედავთ, როგორია ქართველი ხალხის პასუხი ქუჩაში გამოსვლასთან დაკავშირებულ მოწოდებებზე. ამიტომ ყველაზე კარგი პასუხი და ანალიზი გახლავთ სწორედ ხალხის რეაქცია. ხალხს ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნეგატიური რეაქცია აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაზე სასამართლოს მიმართ და აღნიშნა, რომ „მოსამართლის წინააღმდეგ შეტევა მიუღებელია“.

„სამწუხარო ტრადიციაა ზოგიერთი ოპონენტის თუ ორგანიზაციის მხრიდან შეტევა სასამართლოზე, როგორც ინსტიტუტზე. უფრო დაბალი დონეა ინდივიდუალურად შეტევა მოსამართლის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანის მხრიდან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ადამიანების წინააღმდეგ თუნდაც სიტყვიერი შეტევა გახლავთ დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა და ჩვეულებრივი მოწოდება, რომ ხდებოდეს ადამიანის ღირსების შელახვა ან მისი შეურაცხყოფა. მსგავსი მოწოდებები პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მხრიდან შემდეგ ინსპირირებას უკეთებს იმას, რომ მხარდამჭერებმაც ასეთი რეაქცია გამოხატონ, რაც ჩვენი ქვეყნის სამწუხარო გამოწვევაა. ამის შედეგად ხდება ტემპერატურის აწევა საზოგადოებაში და სხვადასხვა აგრესიული გამოვლინება. სასამართლოს წინააღმდეგ შეტევა აბსოლუტურად მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც შეტევა ხდება ინდივიდუალურად, მოსამართლეების წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მიმართა: „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. ეს დროშა, რომელიც თქვენ უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეგ სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია“. სააკაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსამართლემ მიმართა, რომ პატივი ეცა სასამართლოსთვის და საუბრის დროს მიემართა მოსამართლისთვის და არა დარბაზში მყოფი პირებისთვის.