შალვა პაპუაშვილი – სასამართლოში პარტიები „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავენ, არალევანტურია, იმ ბრალდებაზე ისაუბრონ, რომელიც წარდგენილი აქვთ, თავი იმართლონ

13:01, 10.11.2026

ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიებმა ვერცერთი არგუმენტი ვერ წარადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც გვაქვს წარდგენილი, – ამის შესაბ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა.

მისი თქმით, ხუთი პარტიის ტაქტიკა აწყობილი იყო მხოლოდ იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რაიმე დაებრალებინათ და გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ.

„სასამართლო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით არ მიმდინარეობს. „ქართულ ოცნებასთან“ თუ რაიმე შესადავებელი აქვთ, პარლამენტში შემოსულიყვნენ და შეეძლოთ, სარჩელი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით შეეტანათ. ეს სასამართლო „ქართულ ოცნებას“ არ ეხება, მათ ეხება. „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით დროს და ენერგიას ტყუილად ხარჯავენ. ეს არალევანტური იქნება და ფუჭად ხარჯავენ თავიანთ დროსაც და სასამართლოს დროსაც. იმ ბრალდებაზე ისაუბრონ, რომელიც წარდგენილი აქვთ, თავი იმართლონ. საქმეც ისაა, თავის სამართლებელიც არაფერი აქვთ. თავი როგორ უნდა იმართლონ 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ და ამ ძალადობას მხარს უჭერდნენ? თავი როგორ უნდა იმართლონ, 2024 წელს, უცხოელების დავალებით, მანდატების დამხევმა პარტიების წარმომადგენლებმა? რითი უნდა იმართონ თავი, როდესაც აღიარებული აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ, მუშაობენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებთან მათგან პოლიტიკური თავდასხმის მისაღებად საქართველოს წინააღმდეგ და სანქციების დასაწესებლად? ამაზე რომ მუშაობენ, ამით არა მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დანაშაულზე, არამედ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზეც კი საუბრობენ. მგონი, ცხადი გახდა, არაფერი სათქმელი და თავის გასამართლებლად სამართლებრივი არგუმენტი არ აქვთ. ამიტომ ცდილობენ, აქეთ თავს დაესხან სასამართლოს, მოსარჩელე მხარეს – „ქართულ ოცნებას“. ეს ტაქტიკა ფუჭია, თუ ჰგონიათ, ბევრი ლაპარაკით რაღაც სათქმელს დაიგროვებენ და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ძალიან ცდებიან, რადგან ეს იქნება ტყუილად დახარჯული დრო. ნაცვლად იმისა, თავი იმართლონ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი აქვთ, თავს ესხმიან მოსარჩელეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი