შალვა პაპუაშვილი - სასამართლოს, რამდენიმე მოსამართლეს უწოდეს კორუმპირებული და  გვეუბნებიან, ნახეთ საჯარო წყაროები, მოიძიეთ თუ გაინტერესებთ და გამოიცანით
შალვა პაპუაშვილი - სასამართლოს, რამდენიმე მოსამართლეს უწოდეს კორუმპირებული და  გვეუბნებიან, ნახეთ საჯარო წყაროები, მოიძიეთ თუ გაინტერესებთ და გამოიცანით

სასამართლოს, რამდენიმე მოსამართლეს უწოდეს კორუმპირებული და ჩვენ, მოქალაქეებს, არავინ გვაჩვენებს მტკიცებულებებს, გვეუბნებიან, ნახეთ საჯარო წყაროები და იქ მოიძიეთ, თუ გაინტერესებთ და გამოიცანით, რის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, პარტნიორები ასე არ იქცევიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სასამართლო, საერთაშორისო შეფასებებით, არის ერთ-ერთი წამყვანი, მათ შორის, ევროპასთან მიმართებით, ანტიკორუფციული მიმართულებით.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს ჩვენი სასამართლო, იმ სასამართლომ უნდა გაგვსაჯოს, იქნება სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სხვა საქმე. ამ ჩვენ სასამართლოს, რამდენიმე მოსამართლეს უწოდეს კორუმპირებული და ჩვენ, მოქალაქეებს, არავინ არ გვაჩვენებს მტკიცებულებებს. გვეუბნებიან, ნახეთ საჯარო წყაროები და იქ მოიძიეთ, თუ გაინტერესებთ და გამოიცანით, რის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. პარტნიორები ასე არ იქცევიან.

ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ ადამიანს ვერ დავარქმევთ კორუმპირებულს, თუკი არ არსებობს მტკიცებულებები და თუკი არ არის სამართლიანი სასამართლო. ამის გარეშე ადამიანისთვის იარლიყის მიკვრა არის ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ცოტა ხნის წინ, როდესაც ხდებოდა ადამიანის მოკვეთის, გარიყვის და ა.შ. შემთხვევები. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორები, 30 წელია, ყველა ხელისუფლებაში და სხვადასხვა პირობებში – იყო პერიოდი, როდესაც გვქონდა არეულობა ქვეყანაში, როცა ეკონომიკური კრიზისი გვქონდა, როცა დსთ-ს წევრები ვიყავით, როდესაც ომი გვქონდა  და სხვადასხვა ხელისუფლება გვყავდა – ყველა ამ პერიოდში საქართველო იყო კეთილსინდისიერი და საუკეთესო პარტნიორი აშშ-ის ამ რეგიონში. ჩვენი მხრიდან ამ საუკეთესო პარტნიორობის ჩვენების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია, როდესაც პარტნიორის მხრიდან არის ასეთი ნაბიჯი. როდესაც ხდება რამდენიმე მოსამართლის მიმართ პერსონალური შეტევა, მათთვის იარლიყის მიკვრა, როგორც კორუმპირებულის, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე და როდესაც საუბარია, რომ ქართველ ხალხს აინტერესებს, რა მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, ქართველ ხალხს ეს მტკიცებულებები არ წარედგინება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.