შალვა პაპუაშვილი - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და არავინ აპირებს მის მართვაში ჩარევას
შალვა პაპუაშვილი - სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და არავინ აპირებს მის მართვაში ჩარევას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და არავინ აპირებს სასამართლოს მართვაში ჩარევას.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა იუსტიციის საბჭოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის ხელმეორედ არჩევის შესახებ.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და არავინ აპირებს სასამართლოს მართვაში ჩარევას. ყველანაირი სასამართლოს რეფორმის არსია, რომ ერთი შტო მეორეს საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს. ამიტომ, ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ დემოკრატიის გვერდის ავლით უნდა მოხდეს მთავრობის შეცვლა, მგონი, ამ ორგანიზაციების პოზიციებს დიდი წონა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე ხელმეორედ, ხუთი წლის ვადით გუშინ აირჩია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხაშურის, სენაკისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეებიც აირჩიეს.