შალვა პაპუაშვილი – საქმე გვაქვს სექტასთან, რომელმაც ევროკავშირი წარმოადგინა როგორც სალოცავი სიწმინდე, ყველაფრის განმსაზღვრელი
სექტისთვის არ შეიძლება ევროკავშირის კრიტიკა და კითხვების დასმა, რადგან მათ სიწმინდეებს ვეხებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფუნდამენტალისტურმა ჯგუფებმა მხარი დაუჭირეს ერთ-ერთ მომღერალს, რომელიც ფაშისტური შეძახილების ავტორი იყო.
„გამოხმაურებებსაც ვაკვირდები და ეს კიდევ უფრო მიმტკიცებს, რომ საქმე გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია საკუთარ თავში. სამყარო დაყოფილი აქვს ჩვენიანებად და სხვისიანებად. ვხედავთ მათ რეაქციებს, რაც კი, მათი წარმოდგენით, სიწმინდეებს ეხებათ. ასე სიწმინდეებად ჰყავთ გამოცხადებული უცხოელი პოლიტიკოსი, ასევე ევროკავშირი. ის, რისი ანტიპოდიც არის ევროკავშირი, ზუსტად ის თვისება მიაწებეს ევროკავშირს და წარმოადგინეს იგი, როგორც სალოცავი სიწმინდე, რომელიც უნდა იყოს ყველაფრის განმსაზღვრელი. არ შეიძლება მისი კრიტიკა, კითხვების დასმა. ამიტომაც აქვთ რეაქცია ევროკავშირისა და ბრიუსელის მიმართ ნებისმიერ კრიტიკაზე, ნებისმიერ კითხვაზე ცალკეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რადგან ვეხებით მათ სიწმინდეებს. ამიტომაც ვხედავთ ფუნდამენდატალისტურ რეაქციებს. ეს ჯგუფი ფუნდამენტალისტურია, რადგან დაფუძნებულია ძალადობაზე. მათ მიმართ, ვინც არ იზიარებს იდეოლოგიას. ეს ძალადობა ჩვენ არაერთხელ ვნახეთ. ბოლოს მათ შორის ვნახეთ ერთ-ერთ მომღერალთან დაკავშირებული საკითხზე. ადამიანი, რომელიც არის ფაშისტური შეძახილების ავტორი, მისი გამხნევება დაიწყეს. იმის დადასტურება, რომ ასეთი ფაშისტური სლოგანები არის ის, რასაც ხელოვნებას ეძახიან. ვნახეთ ევროკავშირის წარმომადგენლობამაც კი დედის გინებას უწოდა გამოხატვის თავისუფლება, მონის ძახილს ქართული კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.