შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს გაერო-ს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
„იზაბელა კასტროჯოვანიმ აღნიშნა საქართველოსა და UNICEF-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესში. მისი თქმით, საპროგრამო დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია და გამოხატა კონკრეტულ ინიციატივებზე საქართველოს პარლამენტთან მუშაობის მზაობა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გაერო-ს ბავშვთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აქტიურად ჩაერთვება მის საქმიანობაში.
შალვა პაპუაშვილმა UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა გააცნო“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა იზაბელა კასტროჯოვანის ახალ პოზიციაზე საქმიანობაში წარმატება უსურვა.