შალვა პაპუაშვილი - საქართველოში არსებობენ „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟით, არც კი რცხვენიათ, დარბიან და სანქციებს ითხოვენ საქართველოს წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში არსებობენ „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟით, არც კი რცხვენიათ, დარბიან და სანქციებს ითხოვენ საქართველოს წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებობენ „ენჯეოები“, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟით არიან დაკავებული.

პაპუაშვილის თქმით, კონკრეტული „ენჯეო“ – „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ აქციების ორგანიზატორია და თავად ქმნის დისკომფორტს, თუმცა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შემდეგ ტელევიზიებში საუბრობს, რომ დისკომფორტის გამო, შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კონკრეტული „ენჯეოები“ სანქციებს ითხოვენ საქართველოს წინააღმდეგ.

„რაც შეეხება „ენჯეოებს“, ეს კონკრეტული „ენჯეო“ თავადაა აქციების ორგანიზატორი, იმ აქციების, რომლებზეც ხდება ქუჩის გადაკეტვა, მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დისკომფორტის შექმნა. თავად ქმნის დისკომფორტს, შემდეგ მიდის ტელევიზიაში და ამბობს, რომ ამ დისკომფორტის გამო, შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას. თავად შექმნა პრობლემა და თავად წუწუნებს ამ პრობლემაზე. შემდეგ თავად ჩამოიყვანა უცხოელი მინისტრები, დააყენა ანტისამთავრობო მიტინგზე და ტაში აკვრევინა ქართველ ხალხს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან. პირდაპირ ჩაერივნენ ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში. ეს ორგანიზაცია თავად იწვევს მღელვარებებს და პრობლემებს, შემდეგ მიდის და წუწუნებს, შემდეგ მოდის და ხელისუფლებას სდებს ბრალს. ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით. არც კი რცხვენიათ იმ „ენჯეოებს“, რომლებიც დარბიან და სანქციებს ითხოვენ საქართველოს წინააღმდეგ. ბოლო ორი წელია, რაც ომი დაიწყო, მას შემდეგ ვხედავთ, რომ „გამჭვირვალობამ“ და სხვა „ენჯეოებმა“, ქართველობა საერთოდ მოიცილეს, დარბიან და ითხოვენ სანქციას. იმ ხალხის შთამომავლები არიან, რომლებიც ადრეულ ხანაში სხვა დედაქალაქებში დადიოდნენ და ითხოვდნენ, ჯარი გამოგვიგზავნეთო. იმ ხალხის შთამომავლები არიან, საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში რომ დარბოდნენ, რათა დაებეზღებინათ თავიანთი კონკურენტები, მოსკოვი ჩარეულიყო, მოეცილებინა კონკურენტი და თვითონ დაწინაურებულიყო. ახლა, უბრალოდ, მოსკოვი და სხვა ქალაქები ჩაინაცვლეს ბრიუსელით და ვაშინგტონით, დარბიან ამ ქალაქებში, რათა ქვეყანა დააბეზღონ და ტყვიების წვიმა გამოიწვიონ. ეს ის ხალხია, რომელიც ტყუილად აბეზღებდა, თითქოს საქართველოში სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა, ყველა „ენჯეო“ ამაში იყო ჩართული, ელენე ხოშტარიას ჩართულობით. ამას რა ჰქვია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი? შემდეგ ამბობენ, უცხოური გავლენა რა შუაშიაო, აბა, ქართველი გააკეთებს იმას, რომ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვოს?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.