შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ, დღეს ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში
შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ, დღეს ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში

საქართველოსა და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე.

„პრეზიდენტ ალიევთან, ტრადიციულად, თბილი და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრა გვქონდა. დაგეგმილზე დიდხანს ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობისთვის, რეგიონში მშვიდობისთვის. საქართველოს და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. დღესდღეობით ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში, მათ შორის ეს ეხება ჩვენი რეგიონის სტრატეგიული მდგომარეობის განსაკუთრებულ აქტუალიზებას. ამის კარგი მაგალითია ჩვენი თანამშრომლობა ევროპისთვის ენერგორესურსების დერეფნის შეთავაზებისა და სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვის კუთხით.

შუა დერეფანი, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ასევე ჩვენს რეგიონს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სძენს და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა სამაგალითოა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონზე, უსაფრთხოებასა და მოლოდინებზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. პოზიტიური განწყობები, ოპტიმისტური მიდგომებია, რომ რაც შეიძლება მალე შედგეს სამშვიდობო შეთანხმება, რაც, თავის მხრივ, ახალ შესაძლებლობებს გახსნის რეგიონისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.