შალვა პაპუაშვილი - საქართველოს შეუძლია დადებითი როლის შესრულება რეგიონში ნდობითი ურთიერთობების აღდგენისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს შეუძლია დადებითი როლის შესრულება რეგიონში ნდობითი ურთიერთობების აღდგენისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის

საქართველოს შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება რეგიონში ნდობითი ურთიერთობების აღდგენისა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთში განაცხადა, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ურთიერთობა საუკუნეებს მოიცავს და სწორედ ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომლითაც მოქმედებს ორივე ქვეყნის ხელისუფლება.

„დღეს იყო ძირითადი ნაწილი ჩვენი ოფიციალური შეხვედრების. შევხვდით სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, სომხეთის პრეზიდენტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს. იცით, რომ წელს აღინიშნება საქართველოს და სომხეთის თანამედროვე სახელმწიფოების დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, თუმცა ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ურთიერთობა საუკუნეებს მოიცავს და სწორედ ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომლითაც მოქმედებს ორივე ქვეყნის ხელისუფლება. რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების და გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა იყოს ძალიან მჭიდრო, იყოს ინფორმაციის გაცვლა, იყოს სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ერთმანეთთან კონსულტაცია და გაზიარება შეფასებებისა, მათ შორის უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, ვინაიდან ვხედავთ, თუ რამდენად რთული არის დღევანდელ პირობებში რაიმეს წინასწარ განჭვრეტა. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა პიროვნული ურთიერთობები ჩამოყალიბებულიყო, გაღრმავებულიყო. ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, სად ვდგავართ და სად ვართ ახლა ორმხრივ ურთიერთობებში, დაგვეგეგმა ჩვენი მომავალი ურთიერთობები. პარლამენტთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ ჩვენ გვექნება კომიტეტების მეგობრობის ჯგუფის და ასევე, პარლამენტის აპარატების დონეზე ძალიან მჭიდრო გაცვლა გამოცდილების“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, რეგიონში მნიშვნელოვანია, საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის ხელისუფლებასთან.

„თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც მან გაერო-ში გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, განსაკუთრებით ამ რისკების გათვალისწინებით. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონში მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი. ამ კუთხით იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან მჭიდრო ნდობითი ურთიერთობა როგორ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ისე სომხეთის ხელისუფლებასთან. ამან თავისი შედეგებიც გამოიღო. როგორც გახსოვთ მოხდა შეთანხმება ნაღმების რუკების გაცვლასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სამხედრო ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საქართველოს შეუძლია, ძალიან დადებითი როლის შესრულება ნდობითი ურთიერთობების აღდგენისა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.