შალვა პაპუაშვილი - საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო სრული მხარდაჭერა უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ითქვა, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი
შალვა პაპუაშვილი - საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო სრული მხარდაჭერა უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ითქვა, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი

დღეს უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრით დავასრულეთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო და ეს აისახა კიდეც იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც გუშინ და დღეს ვიხილეთ უნგრეთის მონაწილეობით ევროკავშირის დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო სრული მხარდაჭერა უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი, ფაქტებსა და შედეგებზე დაფუძნებული. ამ მხრივ უნგრეთი იქნება ამ მიდგომების მხარდამჭერი, ნაცვლად იმ პოლიტიზებული პროცესისა, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ახასიათებს, როცა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი აქციეს პოლიტიკურ იარაღად. ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. უახლოეს პერიოდში გვექნება ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები კომიტეტების ურთიერთობების გამტკიცების, ერთობლივი შეხვედრების ორგანიზების და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ასევე, ვისაუბრეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ასპექტებზე, როგორ წარიმართოს ეს პროცესი ისე, რომ ამით რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ქართველმა ხალხმა. ასე რომ, მიხარია, რომ ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი ევროპულობა ვიგრძენით უნგრეთის დედაქალაქში, ზუსტად ის ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენ, ქართველებს და უნგრელებს გვესმის და ვიზიარებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.