შალვა პაპუაშვილი - საქართველო, უკვე დიდი ხანია, არის მზად, რომ ნატო-სთან გადავიდეს გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე, ბურთი, დიდი ხანია, ნატო-ს მხარეს არის
შალვა პაპუაშვილი - საქართველო, უკვე დიდი ხანია, არის მზად, რომ ნატო-სთან გადავიდეს გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე, ბურთი, დიდი ხანია, ნატო-ს მხარეს არის

ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და მთლიანად რეგიონში, ძალიან მნიშვნელოვანია, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში და, რა თქმა უნდა, ასე მოკლე ხანში საპასუხო ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ხაზგასმა ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათისა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ელოდება ნატო-სგან შემდგომ ნაბიჯებს.

„ამავე დროს ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველო, უკვე დიდი ხანია, არის მზად იმისთვის, რომ გადავიდეს გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე, ისევე როგორც ევროკავშირში, ნატო-მაც აიღოს მაგალითი ევროკავშირისგან და საქართველოს დაუსახოს რეალური გეგმა, რეალური მიზნები, რომლითაც ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ მიზნებს თუ მივაღწევთ, ამ შემთხვევაში იქნება გაწევრიანება. ასე რომ, საქართველო, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მხრივ არის მზად და შეგახსენებთ, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ჩვენ, საშუალოდ, 5-დან 10-მდე ნატო-ს წევრ ქვეყანას ვუსწრებთ როგორც კორუფციის ნაკლებობის, ისე დემოკრატიული განვითარების, ბიზნესის წარმოების სიმარტივით. რაც შეეხება თავსებადობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისა, აქაც აბსოლუტურად თავსებადია. დაახლოებით 80%-ს ჩვენი შეიარაღებული ძალებისა, აქვს სხვადასხვა სახის გამოცდილება ნატო-ს ჯარებთან ერთად წვრთნებისა, მათ შორის, საბრძოლო ამოცანების შესრულების. აქედან გამომდინარე, არის სრული თავსებადობა. ასე რომ, ბურთი, დიდი ხანია, უკვე ნატო-ს მხარეს არის და ჩვენ ველოდებით, რომ იქნება რეალური მიზნები და გეგმები წარმოდგენილი, ისევე როგორც ეს ხდება, მაგალითად, ევროკავშირის შემთხვევაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.