შალვა პაპუაშვილი – საქართველო რაზეც სამი წლის საუბრობდა, დღეს საუბრობს სულ უფრო მეტი ქვეყანა თუ პოლიტიკური ჯგუფი, პირველ რიგში, აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
საქართველო უკრაინასთან დაკავშირებული აშშ-ის რეზოლუციის თანაინიციატორი იყო, მხარს ვუჭერდით ამ რეზოლუციას და მივყევით კიდევაც დოკუმენტთან დაკავშირებულ პროცედურას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იმის შესახებ, რაზეც საქართველო სამი წლის საუბრობდა, დღეს სულ უფრო მეტი ქვეყანა თუ პოლიტიკური ჯგუფი საუბრობს და, პირველ რიგში, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
„მიზეზი, რატომაც საქართველო მხარს უჭერს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას, არის ის, რომ ის, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით სამი წლის წინ, დღეს სულ მეტი და მეტი ქვეყანა თუ პოლიტიკური ჯგუფი საუბრობს, უპირველეს ყოვლისა, საუბრობს თავად აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ეს რეზოლუცია, როგორც იცით, ასამბლეაზე არ იქნა მიღებული, თუმცა შემდეგ უშიშროების საბჭომ დაამტკიცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რეზოლუციას იმიტომ არ შეუერთდით, რომ რუსეთი აგრესორად არის მოხსენიებული, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ საქართველო 600-მდე რეზოლუციას და განცხადებას შეუერთდა.
„ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს, შეერთებული შტატებია. ყველა აკვირდებით ხომ, ბევრი ევროპელი ხელისუფალი ვნახეთ, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, უკრაინას აქეზებდა, უკრაინას ჰპირდებოდა, რომ გაიმარჯვებდნენ ამ ომში, სად არიან ახლა ისინი?! სად არიან ეს ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ ამ ომში გაიმარჯვებდა? ადგილს ითხოვენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ესეც სახვეწარი გაუხდათ. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეს ომი დაასრულოს ისე, რომ უკრაინას ჰქონდეს მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, არის აშშ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ აშშ-ის პოზიცია დღეს ემთხვევა იმ პოზიციას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ სამი წლის წინ გვქონდა. ფაქტობრივად, ეს რეზოლუცია, რომელიც დააინიციირა აშშ-მა, გარკვეულწილად ანარეკლი არის იმ რეზოლუციისა, რომელიც 2022 წლის პირველ თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ზუსტად ამაზე გვქონდა მაშინაც საუბარი, მოვუწოდებდით ყველას, თავიდან აეცილებინათ ომი და, სამწუხაროდ, მაშინ ვერ შეძლო სამყარომ, ეს ომი თავიდან აეცილებინა. დღეს უკვე ცხადია და ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სამწუხაროა, გავიდა სამი წელი, ასობით ათასი ადამიანი შეეწირა ომს, და ირკვევა, კიდევ ერთხელ ადასტურებენ და, უპირველეს ყოვლისა, თავად აშშ ამბობს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.