შალვა პაპუაშვილი - საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა, რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია დემოკრატიული ინსტიტუტები, ამაზე არათუ ვთანხმდებით, არამედ ეს არის ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი
შალვა პაპუაშვილი - საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა, რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია დემოკრატიული ინსტიტუტები, ამაზე არათუ ვთანხმდებით, არამედ ეს არის ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი

2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე როცა ვსაუბრობთ, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუტები სათანადოდ უნდა იყოს მოძლიერებული, რათა განაცხადი სერიოზულად იყოს აღქმული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადებას, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს და სადაც ოლსონი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

„დემოკრატიის ინდექსის მიმართულებით ნებისმიერ საერთაშორისო კვლევას შეხედეთ და ნახეთ, სად იმყოფება საქართველო დღეს და სად იყო რამდენიმე წლის წინ. ადამიანი არ არსებობს, რომელიც საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას და 2012 წლის ვითარებას ერთმანეთს შეადარებს, სხვა არის – როგორც ცა და დედამიწა“ , – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და ქვეყანაში რეფორმების განხორციელება უნდა გაგრძელდეს, სასამართლოს მიმართულებით თუ სხვა სფეროებში.

„წესით, პარლამენტი ამით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ ხედავთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ნაცვლად იმისა, რომ ამ პროცესებში იყვნენ ჩართულნი, დაკავებული არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით. საქართველო არის გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა და რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია დემოკრატიული ინსტიტუტები. ამაზე არათუ ვთანხმდებით, არამედ ეს არის ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი. როცა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ვსაუბრობთ, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუტები სათანადოდ უნდა იყოს მოძლიერებული, რათა განაცხადი სერიოზულად იყოს აღქმული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.