შალვა პაპუაშვილი – საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გვექნება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც ორმხრივ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა დღეს გრძელდება, დებატებში მონაწილეობასთან ერთად შესაძლებლობა გვაქვს, რომ ორმხრივი შეხვედრები გავმართოთ. უკვე გვქონდა შეხვედრა ჩვენ მასპინძელ ქვეყანასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღის განმავლობაში შეხვედრა იქნება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც ორმხრივ ურთიერთობებზე იქნება საუბარი.
„საუბარი იქნება იმ არასასურველ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს ორმხრივ ურთიერთობებში არის. სხვათა შორის, გუშინ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა გარე ჩარევის და ჰიბრიდულ საფრთხეებს ეხებოდა. ჩემი გამოსვლაც ამავე თემას ეხებოდა. დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ, რადგან როგორც ჩანს, ჩვენ მსგავსად ვხედავთ გარე ჩარევების საფრთხეებს და სწორედ ეს არის მთავარი წუხილი, რაც ზოგიერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობაში გვაქვს. ვფიქრობ, ამ წუხილის შესახებ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ. გარდა ამისა, მიმდინარე ასამბლეაზე ახალ წევრად ნაურუს პარლამენტი მივიღეთ და შესაძლებლობა მექნება, რომ ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდე. მას შემდეგ, რაც ნაურუმ გააუქმა ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, საქართველოსთან დაამყარა დიპლომატიური კავშირი. ასე რომ, მექნება შესაძლებლობა, რომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრო ამაზე და მადლობა გადავუხადო იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ უკან წაიღეს ეს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.