შალვა პაპუაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობა მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, უკვე ჩანს, რომ საკმარისი საფუძველი იქნება, მოხდეს „ნაცმოძრაობის“ და მისი მოღალატეობრივი სქემის მოშლა
შალვა პაპუაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობა მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, უკვე ჩანს, რომ საკმარისი საფუძველი იქნება, მოხდეს „ნაცმოძრაობის“ და მისი მოღალატეობრივი სქემის მოშლა

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტიდან მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და უკვე ჩანს, რომ საკმარისი საფუძველი იქნება, მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკური სქემის მოშლა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება.

„ეს არანაირი სიახლე არ არის არავისთვის. ეს არის ჩვენი საარჩევნო დაპირება. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს დღეები და ბოლო რამდენიმე კვირა რასაც ვაკეთებთ, რაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი ჩამოყალიბდა, არის ის, რომ სკრუპულოზურად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ ჩვენს საარჩევნო დანაპირებს. ანუ, ვაკეთებთ იმას, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობამ მოგვცა მანდატი, 1 120 000-მა მოქალაქემ მოგვცა მანდატი ზუსტად ამისთვის, რომ შეგვექმნა კომისია და გვენახა, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რათა ერთხელ და საბოლოოდ ეს კრიმინალური, მოღალატეობრივი ორგანიზაცია დასრულდეს საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელი სამართლებრივი არგუმენტების გამოყენებას გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სარჩელში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე ნაწილში წერია პოლიტიკური პარტიების თავისუფლების შესახებ, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის, ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.

საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ წინასწარ არ იტყვის, რა არგუმენტებს დაეყრდნობა მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.

„კარგია, თქვენ რომ დაასახელეთ ის პუნქტები და მოსახლეობაც დაფიქრდეს, ჩვენმა მოქალაქეებმა აიღონ თავად ეს პუნქტები, შეხედონ, დაფიქრდნენ, რას აკეთებდა და რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, მისი გადაშლილი, ოპოზიციაში გადანაწილებული სტრუქტურა და თავად გასცეს პასუხი, კონსტიტუციური წყობილების დამხობას ცდილობen თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ქოლგის ქვეშ მყოფი ჯგუფები. არ გვახსოვს, როგორ ცდილობდნენ პარლამენტში შემოჭრას, რას აკეთებენ არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც არ აღიარებენ არცერთ არჩევნებს, როგორ არიან დაკავშირებული უცხოურ ძალებთან და ასე შემდეგ? მეორე, დამოუკიდებლობის ხელყოფას ცდილობენ თუ არა? დღესაც რომ დადიან საზღვარგარეთ, დღეს ტელევიზორში ვხედავდი „გირჩიდან“ მომავალ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, რომ იყვნენ ბალტიის ქვეყნებში და სკანდინავიაში, ვიკითხე საჯაროდ, ვისი ფულით დადიან, რატომ არ სცემენ ამ კითხვას პასუხს? ხომ ამბობენ, ქართველი პოლიტიკოსები ვართო, საქართველოს ხელისუფლებაში უნდა ვიყოთ, ქართველი ხალხის ბედი უნდა გადავწყვიტოთო და ვისი ფულით, ვინ უხდის მათ ფულს, რატომ მალავენ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია დაფინანსების შესახებ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი ხელისგულზე დევს.

„ვისი ინტერესებითაც მოქმედებენ და ვისაც ამ ტურნეებში დაჰყავს, ისინი უხდიან ფულს. ზუსტად ვიცით, დანამდვილებით სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომ ის „მაკკეინის ინსტიტუტის“ დაქირავებული ადამიანია დღეს. რაც შეეხება ამ პარტიებს და ასე შემდეგ, სხვადასხვა სქემაა. თავის დროზე „დროასთან“ დაკავშირებით გაიშიფრა კიდევაც, რომ ბრიუსელის ერთ-ერთი ფონდიდან, „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ ფინანსდებოდა, რომელიც ჩვეულებრივი სპეცსამსახურის მეთოდით მოქმედებს საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, უნდა შევხედოთ ასევე კრიტერიუმს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან და ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით.

„იყო თუ არა ეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20% ისე გადააბარა ოკუპანტს, რომ კოდორის ხეობაში ერთი ტყვია არ გაუსვრია, ხოლო სამაჩაბლოში ორ დღეში დაამთავრა მთელი ოპერაცია? დღეს ვისმენდით, პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორ იყო ჩართული სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში. ვინ ეკითხებოდა გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილს ან სხვებს, სამხედრო გადაწყვეტილებები მიეღოთ სამხედროების გვერდის ავლით და შეეცვალათ გადაწყვეტილებები, რომლებიც სამხედროებს ჰქონდათ მიღებული? რაც შეეხება ომის პროპაგანდას, ვინ, თუ არა „ნაციონალური მოძრაობაა“, ხომ? ბოლოსდაბოლოს, ომი მინდაო, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ამბობდა? ეს ისე, ხატოვნად რაც აქვთ ნათქვამი, მაგრამ სერიოზულად რას აკეთებდნენ სამი წლის წინ და ბოლო სამი წელია, ხომ ცდილობენ ყველანაირად, ჩაგვითრიონ და გაგვხადონ მართლა პროქსი სხვების ხელში, რომ ვიყოთ მარიონეტი ამ ომში? აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე ომს უწოდა პროქსი ომი. პროქსი ომი ნიშნავს მარიონეტის ხელით მიმდინარე ომს და ასეთი მარიონეტობა უნდოდათ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტებს, ჩვენი ქვეყნისგან ასეთი მარიონეტი შეექმნათ. ასე რომ, ხელისგულზე დევს ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „უკრაინაში და მოლდოვაში რომ პარტიები გააუქმეს, ეს ყველამ იცის და ისიც დავინახეთ, მათთან დაკავშირებით ხმა რომ არავის ამოუღია ევროპიდან, მაგრამ თავად ევროპაში, გერმანიაში, ბუნდესტაგში უნდათ პოპულარობით მეორე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება, პარტიის, რომელიც ხელისუფლებაში არასდროს ყოფილა“.

„ისინი თუ რამეს აშავებენ ვინმეს თვალში, მხოლოდ თავიანთი რიტორიკით. როგორც ასეთი, მათ არაფერი გაუფუჭებიათ და აქეთ საპირწონედ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ყველაფერი ეს, რაზეც ვსაუბრობთ, გაკეთებული აქვს უკვე ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ასე რომ, ხელისგულზე დევს ის დანაშაულები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი და ხელისგულზე დევს ის მანდატი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და 26 ოქტომბერს ზუსტად ამ საქმისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებისთვის მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. რა თქმა უნდა, ხალხის მანდატი არის უზენაესი. რა თქმა უნდა, შესრულდება 1 120 000 ადამიანის დაკვეთა, რომ ჩვენ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.