შალვა პაპუაშვილი - სანქციების შესრულებას უზრუნველვყოფთ, ამაზე პრეტენზია არ მოგვისმენია, ბუნდოვანი განცხადებების ნაცვლად, მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას, რომ არანაირი სანქცია არ ირღვევა
შალვა პაპუაშვილი - სანქციების შესრულებას უზრუნველვყოფთ, ამაზე პრეტენზია არ მოგვისმენია, ბუნდოვანი განცხადებების ნაცვლად, მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას, რომ არანაირი სანქცია არ ირღვევა

ნაცვლად ბუნდოვანი განცხადებების გაკეთებისა, მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას, რომ არანაირი სანქცია არ ირღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ მკაფიოდ გავაჟღერეთ შეშფოთება რუსეთთან პირდაპირი ფრენების საკითხზე, ყურადღებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ დრომდე დაწესებული არცერთი სანქცია არ ირღვევა.

„გვესმის ზოგიერთი შეფასება და სამწუხაროა ის ბუნდოვანება, რომელიც ასეთ განცხადებებში ჩანს, ერთი რამე აშკარაა, დღემდე არავის უთქვამს, მათ შორის არც უცხოეთიდან, რომ რომელიმე სანქცია ირღვევა, ესაა ფაქტი, არცერთი დაწესებული სანქცია არ ირღვევა. რაც შეეხება სხვა შეფასებებს და სხვა პერსპექტივიდან, ასე ვთქვათ, საკითხის განხილვას, ამას წყვეტს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აღჭურვილია საკუთარი მოქალაქეების მხრიდან მანდატით, რომ მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილებას, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ სანქციების შესრულებას ჩვენ უზრუნველვყოფთ. ამასთან დაკავშირებით არც ერთი პრეტენზია არ მოგვისმენია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად ასეთი ბუნდოვანი განცხადებების გაკეთებისა, მკაფიოდ ითქვას, რომ არანაირი სანქცია არ ირღვევა. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.