შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლების უკრაინა, ომის გადატანა ევროპის შუაგულში
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლების უკრაინა, ომის გადატანა ევროპის შუაგულში

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას. 400-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი, სამოქალაქო პირი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა და დაიჭრა, ეს იყო დიდი ტრაგედია, რომელიც 15 წლის წინ დატრიალდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 2008 წელს საქართველოში მომხდარზე თვალის დახუჭვამ გამოიწვია 2014 და 2022 წლის უკრაინა.

„სამწუხაროდ, მაშინ  ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე; ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდათ მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი ომიდან ორი წლის თავზე, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად. ალბათ ჩვენ ვიყავით ზედმეტად პატარა და ზედმეტად განაპირა. თუმცა, 2008 წელს ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირიდან ევროპის შუაგულში. ახლა უკვე ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ისინი ჩასწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს, თუმცა ახლა უკვე სიტყვები საკმარისი არ არის, ახლა მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა უკვე იომა, მე მესმის, რომ სხვებს არ უნდათ, შეიძლება, ომი, თუმცა მათი ვალდებულებაა, ახლა უკრაინას დაუდგნენ გვერდში, რათა მან არ წააგოს ეს ომი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.