შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ, რომელიც ქვეყნის შს მინისტრი იყო, უნდობლობა გამოუცხადა დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებას
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ, რომელიც ქვეყნის შს მინისტრი იყო, უნდობლობა გამოუცხადა დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებას

ზოგადად, ამ მთლიან ისტორიაში, რომელიც დაიწყო ერთი უწყინარი ინიციატივით და შეეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერებას, წახალისებას, სამწუხარო რეალობამდე მივედით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ, რომელიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებას უნდობლობა გამოუცხადა.

„ყველაზე სამწუხარო ჩემთვის ამ ისტორიაში ის არის, რომ გიორგი გახარიამ – ადამიანმა, რომელიც იყო ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უნდობლობა გამოუცხადა ამ ქვეყნის დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებას, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელზეც მან ყველაზე კარგად იცის, როგორც ყოფილმა შს მინისტრმა და პრემიერმა, რას ნიშნავს ეს ბიურო, რა როლი აქვს მას ქვეყანაში, მათ შორის გამოძიების წარმოებისთვის, და რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ, რამდენად არასახელმწიფოებრივია, როდესაც ის ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ნდობას ამ ინსტიტუტის მიმართ.

დანარჩენი, სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც არის მნიშვნელოვანი. მთლიან ამ ისტორიაში, ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როდესაც ქვეყნის ყოფილი შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ასე არასახელმწიფოებრივად იქცევა და ძირს უთხრის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ციტატები, როგორ მოიხსენიებს ის „ქართულ ოცნებას“ დღეს. შესაბამისად, ჩვენი იმედგაცრუება მასში, ეპითეტები, რომლითაც ის ამკობს ყოფილ გუნდს და ზოგადად, აქ ეპითეტები ყველაზე ნაკლები ბოროტებაა, ის ნაბიჯები, რომელიც თავიდან გადადგა და შემდეგი ნაბიჯები, არის ყველაზე გულდასაწყვეტი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.