შალვა პაპუაშვილი - სამოქმედო გეგმაში ხაზგასმით წერია ფორმატის შესახებ, დაკონკრეტებული არ არის, ეს სამუშაო ჯგუფი უნდა იყოს, საკომიტეტო ფორმატი, კონფერენცია თუ მრგვალი მაგიდა, ოპოზიციას კითხვა ეზარება
სამოქმედო გეგმაში ხაზგასმით წერია სამოქმედო ფორმატი. დაკონკრეტებული არ არის, ეს სამუშაო ჯგუფი უნდა იყოს, საკომიტეტო ფორმატი, კონფერენცია თუ მრგვალი მაგიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიციას სამოქმედო გეგმების კითხვა ეზარება“.
„რეკომენდაციების შესრულებას ზუსტად იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით გავყვებით, რაც უკვე შემუშავებულია. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ოპოზიციას ეზარება სამოქმედო გეგმების კითხვა, სადაც ხაზგასმით წერია სამოქმედო ფორმატი. არ არის დაკონკრეტებული, ეს სამუშაო ჯგუფი უნდა იყოს თუ საკომიტეტო ფორმატი, კონფერენცია თუ მრგვალი მაგიდა.
საუბარია სამუშაო ფორმატებზე, რომლის მიზანია ინკლუზიური პროცესის წარმართვა, როცა ყველა პირს ექნება საშუალება, დისკუსიის მონაწილე იყოს. ამ პროცესს დავიწყებთ, როგორც კი პარლამენტი აქტიურ მუშაობას შეუდგება. მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ, რაც ეხება სტატუსის მონიჭებას. ჩვენმა ქვეყანამ ე.წ. შესაძლებლობების ფანჯარა უკვე გამოიყენა და სტატუსი გვაქვს. რა გგონიათ, მოლაპარაკება გაიხსნება და ორ თვეში დაიხურება? მოლაპარაკებების გახსნა იმას ნიშნავს, რომ 35 თავია, რაზეც მოლაპარაკება ცალ-ცალკე უნდა გაიხსნას. ეს არის წლების სამუშაო, რაზეც უკვე ვმუშაობთ. სექტორულად უკვე ლიდერი ვართ, მათ შორის უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით. სინამდვილეში, ევროკავშირი ბოლომდე სამართლიანი რომ ყოფილიყო, ჩვენ უკვე მოლაპარაკება უნდა გვქონდეს გახსნილი. მნიშვნელოვანია არა ის, როდის გაიხსნება მოლაპარაკება ამ თუ იმ თავზე, არამედ ის, როდის დაიხურება და იქნება შედეგი. როგორც ასოცირების შეთანხმებაზე, ასევე უვიზოზე, ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკება სამი წლით გვიან დაიწყო მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით. სამი წლით გვიან დავიწყეთ და ყველაზე ადრე დავასრულეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.