შალვა პაპუაშვილი - კანონდამრღვევებს ჯარიმებს უცხოური ფულით უხდიან, ამას მალავს როგორც „ენჯეო“, ასევე მისი დონორები, ვის ფულს იხდიან, ვინ არის ეს 12 ადამიანი? ასეთი ჯარიმების გადახდა ზიანს აყენებს ჯარიმების პრევენციულ მიზანს
შალვა პაპუაშვილი - კანონდამრღვევებს ჯარიმებს უცხოური ფულით უხდიან, ამას მალავს როგორც „ენჯეო“, ასევე მისი დონორები, ვის ფულს იხდიან, ვინ არის ეს 12 ადამიანი? ასეთი ჯარიმების გადახდა ზიანს აყენებს ჯარიმების პრევენციულ მიზანს

ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა. ვისი ფულიც არ უნდა იყოს, რომელი სახელმწიფოც არ უნდა იყოს, სამოქალაქო დაპირისპირების დაფინანსებას ყოველ ჯერზე ვამხელთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ „კანვასის“ სკანდალის შემდეგ USAID-ის ადგილობრივი წარმომადგენლობისგან არაადეკვატურ განმარტებებს ისმენენ.

რაც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, შალვა პაპუაშვილის თქმით, პროექტის მომზადების მიზეზი იყო გამოძიება, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციის მოწყობის საქმეზე მიმდინარეობს.

„კანონპროექტის მომზადების მიზეზი იყო გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს. კადრები ვნახეთ, რომ უცხოური დაფინანსებით ადამიანების რადიკალურ განწყობებში მომზადება ხდება, მათ შორის ხელისუფლების ჩამოშლის ინსტრუმენტების სწავლება და ასე შემდეგ. ცვლილებები მომზადდა იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაზეც იყო საუბარი, რომ აქციების საფარქვეშ, შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე შეჰქმნოდა. მარტში ჩვენ ვნახეთ „მოლოტოვის კოქტეილით“ მორბენალი ხალხი, რომელიც სხვა ადამიანებს ცოცხლად წვავდა. დღემდე იმ ადამიანს დამწვრობის შედეგები აღენიშნება, მესამე თუ მეოთხე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა. ეს ყველამ „გაატარა“ – არც რომელიმე „ენჯეოს“ და არც რომელიმე უცხოური აქტორის განცხადება არ მომისმენია, რომ დაეგმოთ. პირიქით, ვნახეთ, რომ „სირცხვილიას“, რომელიც ამერიკული და ევროპული ფონდებიდან ფინანსდება, პირდაპირი კამპანია ჰქონდა, რომლითაც ადამიანების ცოცხლად დაწვის რომანტიზებას ახდენდა. მათ „მოლოტოვის კოქტეილი“ პლაკატად აქციეს, უკრაინის ფერებში გადაღებეს, ევროკავშირის დროშები ვარსკვლავად და ნაპერწკლებად მიახატეს და მიაწერეს – მე ვესროლეო. ანუ, ამბობენ, რომ „სირცხვილიას“ წევრი იმ ადგილას რომ ყოფილიყო და საწვავი ნივთიერებით სავსე ბოთლი ჰქონოდა, ისიც ესროდა. ამ ყველაფერს ამართლებენ და ამაში ამერიკული, ევროპული ფონდების ფული იხარჯება.

ჩვენი ხალხის მიზანია სამოქალაქო მშვიდობა. ზოგიერთი ფონდის და მათი ადგილობრივი მენეჯერების ამოცანაა სამოქალაქო დაპირისპირების შემოტანა. როგორც ჩანს, გადაჯაჭვული არიან პოლიტიკურ პარტიებთან. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა. მიუხედავად იმისა, ვინ დგას ამ ტრენინგებისა და ინიციატივების უკან, ვისი ფულიც არ უნდა იყოს, რომელი სახელმწიფოც არ უნდა იყოს, სამოქალაქო დაპირისპირების დაფინანსებას ყოველ ჯერზე ვამხელთ, ამაზე საუბარი გვექნება.

სამწუხაროა, რომ „კანვასის“ სკანდალის შემდეგ USAID-ის ადგილობრივი წარმომადგენლობისგან ძალიან ბუნდოვანი და არაადეკვატური განმარტებები გვესმის. მათ შორის, ვნახეთ სარეკლამო კამპანია ბანერების სახით. ერთი რჩევა მექნება, რომელსაც, სამწუხაროდ, USAID-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა არ ისმენს. არადა, მათ ვურჩევდი, საქართველოს პარლამენტის, ხალხის მიერ არჩეული ადამიანების რჩევები გაითვალისწინონ, რაც, საბოლოო ჯამში, მათთვის სასარგებლოა, რადგან რეპუტაციული ზიანი რომელიღაც ადგილობრივ ჩინოვნიკს კი არ ადგება, არამედ ამერიკელი ხალხის კეთილ სახელს, რასაც უნდა გაუფრთხილდნენ.

ძალიან კარგად ვიცი, ამერიკელ ხალხს რა დახმარება აქვს საქართველოსთვის გაწეული. სწორედ ის მაწუხებს, რომ რამდენიმე ადგილობრივი ჩინოვნიკი დახმარებას საფრთხეს უქმნის. მათ ვურჩევდი, კომერციული რეკლამის ნაცვლად, გულწრფელი იყვნენ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც სიმართლესა და გულწრფელობას აფასებს. ვურჩევდი, თვითრეფლექსია ჰქონდეთ და ცოტა თვითკრიტიკულად გაანალიზონ, რას აკეთებენ, რა იცოდნენ, რა – არა, რა ინფორმაცია ჰქონდათ, რა – არა და სად შეიყვანა შეცდომაში ამა თუ იმ „ენჯეომ“. ყველა კითხვას უპასუხონ.

2024 წლის არჩევნები ახლოვდება და უპასუხონ კითხვას, როდის გაიგო USAID-ის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელსაც „ისფედი“ ავრცელებდა, იყო ყალბი? ეს მანამდე გაიგეს, ვიდრე საჯაროდ გახდებოდა ცნობილი? თავად „ისფედმა“ თუ აღიარა, რომ დონორს ერთი თვით ადრე აცნობეს. თუ იცოდნენ, რატომ მალავდნენ იმ პირობებში, როცა ამერიკის საელჩო ფასილიტატორად იყო ჩართული მხარეებს შორის? იგივე ეხება „კანვასის“ საკითხებს. აქაც იყვნენ გულწრფელები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთ საკითხებს კომერციული რეკლამა არ შველის, გულწრფელობაა საჭირო. თურმე კანონდარღვევებს, ჯარიმებს უცხოური ფულით უხდიან. 12 ადამიანის ჯარიმა გადაიხადეს. ამას მალავს როგორც „ენჯეო“, ასევე მისი დონორები. ვის ფულს იხდიან, ვინ არის ეს 12 ადამიანი? ასეთი ჯარიმების გადახდა არა მხოლოდ ზიანს აყენებს ჯარიმების პრევენციულ მიზანს, არამედ, შესაძლოა, ეს არასწორად იყოს გაგებული ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან, როგორც კარტბლანში მომავალი ძალადობის. ამიტომ ყველა ამ საკითხს განმარტება სჭირდება. პრობლემაზე თვალის დახუჭვა პრობლემას არ წყვეტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.