შალვა პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებს“ მიმართავს - გვერდს ნუ უვლით თარიღებს, „ნოემბრის დასაწყისი“, „ნოემბრის ბოლო“ არ არის საკმარისი პასუხი
შალვა პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებს“ მიმართავს - გვერდს ნუ უვლით თარიღებს, „ნოემბრის დასაწყისი“, „ნოემბრის ბოლო“ არ არის საკმარისი პასუხი

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალური ქსელით „სამართლიან არჩევნებს“ მიმართავს და მოუწოდებს იმ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ, რომელთა გარეშეც, მისი თქმით, ორგანიზაციის რეპუტაციის გამოსწორება რთული იქნება.

„მისასალმებელია, რომ ISFED-ის გამგეობა ჩაერთო და ცდილობს საკითხში გარკვევას. თუმცა, დღეს რაც მოვისმინეთ, ეს არ არის საკმარისი და კვლავ დატოვა/გააჩინა კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემის გარეშე, ISFED-ის რეპუტაციის გამოსწორება რთული იქნება.

მთავარი – გვერდს ნუ უვლით თარიღებს. „ნოემბრის დასაწყისი“, „ნოემბრის ბოლო“ არ არის საკმარისი პასუხი. ყოფილმა თავმჯდომარემ ყველა ინტერვიუში და დღესაც გვერდი აუარა თარიღების დასახელებას. არადა, ზოგ საკითხში, თარიღი გადამწყვეტია.

ასე, რომ, ახლა უკვე, სამართლიანი არჩევნების (ISFED) გამგეობისგან მოველი, რომ დაასახელებენ კონკრეტულ თარიღებს:

რომელ რიცხვში დაუკავშირდა ეუთო/ოდირის ექსპერტი?

რომელ რიცხვში დაიწყო აუდიტი?

რომელ რიცხვში მიხვდა თავმჯდომარე, რომ პროგრამაში იყო ბათილი ბიულეტენების მითვლის ხარვეზი?

დაბოლოს, მადლობელი ვიქნები, თუ ახლა უკვე ISFED-ის გამგეობა აღარ გაიმეორებს „იქნებოდეს იქნება მიდგომას“, თითქოს ხარვეზი ვინმეს მიყურადებით აღმოვაჩინეთ.

ნუ შეუწყობთ ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას (ბოლო-ბოლო, თქვენი ორგანიზაცია ახორციელებს საზოგადოების დეზინფორმაციისგან დაცვის პროექტს).

პატივი ეცით თქვენს, ჩვენს და საზოგადოების ინტელექტს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.