შალვა პაპუაშვილი – სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს
სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროსასამართლომ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები და არ სცემენ პატივს კანონის უზენაესობას.
„მათი უფლებაა, მიმართონ სასამართლოს. იცით, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, მიმართეს სტრასბურგის სასამართლოსაც. პრობლემა იმაშია, რომ სამართლებრივი გზით როდესაც მიდიხარ, უნდა დაემორჩილო სასამართლოს პროცედურებს, რასაც არ აკეთებენ ეს ორგანიზაციები. კერძოდ, მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოითხოვეს კანონის შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა. მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, არც სტრასბურგის სასამართლოს არ შეუჩერებია კანონის მოქმედება. ამიტომ ისინი უნდა დაემორჩილონ, თუკი მათ აქვთ პრეტენზია, რომ პატივს სცემენ სტრასბურგის სასამართლოს თუ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამიტომ მიმართავენ, უნდა დაემორჩილონ მათ გადაწყვეტილებებს. არც სტრასბურგმა, არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერეს კანონის მოქმედება განხილვის პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ უნდა დაემორჩილონ და შეასრულონ კანონი. ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები დღეს არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას, არც მართლწესრიგს, რაც იგულისხმება კანონმორჩილებაში და კანონის აღსრულებაში.
ამიტომ მთავარი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ – საქმე გვაქვს კანონდამრღვევებთან, რომლებიც უცხოური დაფინანსებით არიან წახალისებული ამ კანონდარღვევაში. ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები, კანონის დარღვევასთან ერთად, არ რეგისტრირდებიან გამჭვირვალობის რეესტრში. მათ ახალისებენ მათი დონორები. ფულს კი არ აჩერებენ ამის გამო, რომ კანონდამრღვევები არიან, არამედ, პირიქით, იქით ფულს უმატებენ, რითაც ახალისებენ საქართველოში კანონის დარღვევას. ესეც ცალკე აღმაშფოთებელი ფაქტია დონორების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.