შალვა პაპუაშვილი - სალონური შეხვედრები ადამიანთან, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, აჩენს კითხვებს, სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები
შალვა პაპუაშვილი - სალონური შეხვედრები ადამიანთან, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, აჩენს კითხვებს, სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები

სალონურ ურთიერთობაში შეხვედრები ადამიანთან, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, თავისთავად აჩენს დიდ კითხვის ნიშნებს, რა ხდება იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს. სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები, დეფინიციიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ინტერნეტ გამოცემა „კვირას“ მიერ გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ იცის კეზერაშვილის წარსული, რომელიც დაკავშირებულია ქართული არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან და იცის მისი აწმყო, რომელიც ეხება ფულით პირდაპირ ჩარევას პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში.

„მოკლედ მოვკარი თვალი ამ ინფორმაციას, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ერთი რამის თქმა შეიძლება – მგონი, დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, რა როლი აქვს დავით კეზერაშვილს ქართულ პოლიტიკაში. ქართულმა საზოგადოებამ იცის მისი წარსული, რომელიც დაკავშირებულია ქართული არმიის ხარჯზე გამდიდრებასთან. იცის მისი აწმყო, ეს არის პირდაპირ ჩარევა პოლიტიკაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში ფულით. ოპოზიციის წარმომადგენლებიც პირდაპირ აღიარებენ, რომ დავით კეზერაშვილის ფული არის არასამთავრობო სექტორში, მედიაში, პოლიტიკასა და პარტიებში და ამ ფულით მანიპულირებს ის მედიასაც, არასამთავრობო სექტორსაც და პარტიებსაც. ვხედავთ ჩვენ თვალწინ, რა მოსდის „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამ ფულის წყალობით. ეს ის ფულია, რომელიც წაართვეს ქართულ ჯარს, ქართველ ხალხს, ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფურცელზე ჩატარებულ ტრენინგზე, რომელშიც არც ერთ ჯარისკაცს არ მიუღია მონაწილეობა, მარტო ის ერთი ეპიზოდი, რაც ვიცით და რაც დამტკიცებულია, 5 მილიონი ევრო წაართვეს ქართველ ჯარისკაცებს. როცა ასეთ ადამიანთან, რომლის ბრალეულობაც დადასტურებულია ქართული მართლმსაჯულების მიერ, ასეთ სალონურ ურთიერთობაში ხდება შეხვედრები, გასაგებია ხომ, რა შეიძლება იყოს საუბრის თემა, ეს თავისთავად უკვე დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, რა ხდება იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ თავს ეძახიან საქართველოს მეგობრებს. სააკაშვილის, კეზერაშვილის მეგობრები, დეფინიციიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან საქართველოს მეგობრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.