შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა, საინტერესოა, სადამკვირვებლო მისიები აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ ამას თუ ვიხილავთ რეაქციას?
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა, საინტერესოა, სადამკვირვებლო მისიები აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ ამას თუ ვიხილავთ რეაქციას?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, გუშინ კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რადგან ერევა საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას და მიზნებს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა და ახლა საინტერესოა, საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის დარღვევას თუ გამოხატავენ რეაქციას?

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ, ცხადად, თანაც ელჩების თანდასწრებით, დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა. ის თავისი პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ. ეს არის, მარტივად, დარღვევა კონსტიტუციის, უკვე მეორე სახის დარღვევა კონსტიტუციის. ელჩებიც იქ იყვნენ. ახლა საინტერესოა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსის გამოყენება\არგამოყენების საკითხების განხილვაში, აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის დარღვევას თუ ჩვენ ვიხილავთ რეაქციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, როდესაც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი ერევა საარჩევნო კამპანიაში?“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევის და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული.