შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია ღირებულება არ არის, საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, უცხოეთშიც ჰყავს მფარველები, ამიტომაც ახერხებს სხვადასხვა ადგილას წასვლას 
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია ღირებულება არ არის, საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, უცხოეთშიც ჰყავს მფარველები, ამიტომაც ახერხებს სხვადასხვა ადგილას წასვლას 

სალომე ზურაბიშვილს უცხოეთშიც ჰყავს მფარველები და მმართველები, ამიტომაც ახერხებს სხვადასხვა ადგილას წასვლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ის ყველგან ისაუბრებს, როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს საქართველოს ვერ მიაყენებს.

„სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის შვილად თავს არ მიიჩნევს, მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია. გული არ შესტკივა თითოეული იმ სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია, რადგან ამ კონსტიტუციაში სიტყვები ჩვენი სისხლით, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა. მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომლებიც მის თაროზე, სადღაც წიგნის სახით დევს. ამიტომაც აცხადებს თავისუფლად, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არ არის. ის იქცევა ისე, როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ინარჩუნებს ამ პოზიციას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ მას უცხოეთშიც ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები, ამიტომაც ახერხებს ის სხვადასხვა ადგილას წასვლას, თუმცა ის არ წარმოადგენს საქართველოს. კარგია, რომ ეს თავის დროზე გაირკვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ სადაც ისაუბრებს, ის ისაუბრებს, როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს საქართველოს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, ამის ბევრი მცდელობა ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა.